V კლასის მეორე სემესტრში, სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეები ქულებით შეფასდებიან. მოგეხსენებათ, V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი კომენტარები იწერება, მეორე სემესტრში კი მოსწავლეებს განმსაზღვრელ შეფასება დაეწერებათ.
მეხუთეკლასელებისთვის პირველ სემესტრში როგორც საშინაო და საკლასო, ასევე შემაჯამებელ დავალებებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება იყო დაშვებული. მეორე სემესტრის განმავლობაში კი მოსწავლეთა საკლასო და შემაჯამებელი დავალებები ქულებით შეფასდა.
როგორ გამოანგარიშდება V კლასის მოსწავლეების ქულები სასწავლო წლის ბოლოს მაშინ, როდესაც სასწავლო წლის განმავლობაში ერთი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები განმავითარებელი კომენტარებით ფასდებოდნენ, მეორე სემესტრში კი - ქულებით?
მართალია, V კლასის პირველ სემესტრში მასწავლებლებს მოსწავლეები ქულებით არ შეუფასებიათ, მაგრამ მეორე სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად პედაგოგები წლის ბოლოს მეხუთეკლასელებს განმსაზღვრელ შეფასებას დაუწერენ.
საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი ასეთია: მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე, მიღებული ქულა კი უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მეხუთე კლასის წლიური ქულა მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტური უნდა იყოს.
ცნობისთვის, წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე