დღეს,19 მაისს სკოლის ბოლო დღეა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის. სიხარულის, აღმაფრენის, ცოტა გაურკვევლობის, სევდისა და დიდი იმედების დღე. დღე, როცა ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება და მოულოდნელობებითა და სიახლეებით დატვირთული უცნობი მომავალი ელით, როემლთა მთავარი შემქმნელები თავად იქნებიან.
სკოლის ბოლო ზარის დღე ემოციურია 167-ე საჯარო სკოლაშიც. etaloni.ge გთავაზობთ მეთორმეტეკლასელებისა და მათი დამრიგებლის შეფასებებს, ემოციებს ამ დღესთან დაკავშრებით.
ლუკა ხურციძე: პერანგზე ნახატი ბოლო ზარის განსაკუთრებული კომპონენტია. მინდოდა ორიგინალური, კომედიური ყოფილიყო, რაც ყურადღების ცენტრში მომაქცევდა. ამ ფიქრებში გართულს, ინტერნეტსივრცეში ადამიანის სახიანი მუხა „შემომხვდა“. როგორც კი შევხედე, ღიმილი მომგვარა და ამავე დროს, სიმბოლურად, სიბრძნესა და სულიერ წონასწორობას განასახიერებს. ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი სკოლას, მაგრამ როცა ეს სანატრელი მომენტი დადგა, ნოსტალგია და ათასი მოგონება ერთბაშად მომაწვა. ვფიქრობ, ამ სიტუაციის ყველაზე მეტად შეეფერება გამოთქმა „დასასრული დასწყისს ჰგავს“. თითქოს იგივე განცდები დამეუფლა, სკოლაში პირველად რომ შევაბიჯე. ჩემთვის თითოეული მასწავლებელი და მოსწავლე განსაკუთრებულია, თავიანთ ადგილს იკავებენ გულში. დამრიგებელი, თამარ ბასილიძე, პირველ რიგში, ადამიანობას გვასწავლიდა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. აინშტაინმა თქვა, განათლება არის ის, რაც რჩება მას მერე, სკოლაში ნასწავლი რომ გვავიწყდებაო... ვამაყობ, რომ სკოლისგან განათლებასთან ერთად სითბო და ადამიანობა გამომყვა.
ანი ჭუმბურიძე: ნათქვამია, ყველაზე ბედნიერი მოგონებები არის წუთები, რომლებიც დასრულდა. ჩემთვის სკოლის მოგონებები სწორედაც რომ ასეთია. სკოლა არა მარტო ცოდნის ტაძარი, არამედ გასაღებია არაჩვეულებრივი ურთიერთობებისა, რომელიც თანდათან, 12 წლის განმავლობაში გვიყალიბდებოდა. მასწავლებლები, კლასელები - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებთანაც შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გაკავშირებს. რაღაცის დამთავრება ჩემთვის ყოველთვის სევდისა და ბედნიერების შეგრძნების შერწყმაა.
პერანგზე დავიხატე სურათი, სადაც მოცემულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე უბრალოდ გამოუყენებელი და უსარგებლო ნივთებია. კომპიუტერული მეცნიერების შესწავლას ვაპირებ და შევეცდები, მიღებული განათლება ვაქციო ძლიერ იარაღად, რომელიც ცვლილებებს გამოიწვევს.
რომა გვენცაძე: მარველის კომიქსის პესონაჟი დავიხატე, რომელიც კომიკური ხასიათის ანტიგმირია და გარკვეულ მომენტებში მკითხველს აგრძნობინებს, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, სუპერძალა რომ გვქონოდა. თანაც, ამას მუდამ კომედიური პერსპექტივიდან აკეთებს. ამის გამო ვთვლი, რომ ეს ნახატი იქნება ერთ-ერთი იმ მოგონებათაგანი, რომლებიც ამ დღეს სასიამოვნოდ გამახსენებს.
სკოლის დამთავრება ძალიან მახარებს, რადგან ამ მომენტს წლების განმავლობაში ველოდი. მართალია ერთის მხრივ სევდიანი დღეა, რადგან ამით მთავრდება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ბავშვობა და კლასელებთან და დამრიგებელთან, ფაქტობრივად, თანაცხოვრება. ჩვენი დამრიგებელი, მთელი ეს წლები დედასავით იყო ჩენთვის და ცოტა რთულია, ცხოვრების ახალ, შეუცნობელ ეტაპზე გადასვლა, მაგრამ ის ზრდასრულობის დასაწყისიცაა, რაც ჩემში, ამავდროულად, ძალიან დიდ მოლოდინსა და აღტაცებასაც აღძრავს.
ელენე ლეთოდიანი: ბოლო ზარის პერანგზე ერთ-ერთი ეპიზოდი დავიხატე ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან „იგი“. ამ ნაწარმოების წაკითხვით მიღებული სიამოვნება ალბათ დიდხანს გამყვება. კონკრეტულ ეპიზოდში იგი დიდი დაძინების ქარაფზე ადის, უკან კი მოჰყვება ბელადი და მთელი ტომი. იგი დადებითი პერსონაჟია, რომელიც საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობდა. იმედი მაქვს, ჩვენი თაობაც უკეთესობისაკენ შეცვლის ქვეყნის მომავალს. ჩემთვის სკოლის დამთავრება სევდიანი, თუმცა ამავდროულად ამაღელვებელია. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ და მზად ვარ შევხვდე სიახლეებს. მიყვარს სკოლა და აქ გატარებული 12 წელი, ადამიანები, რომლებიც ამ შენობაში გავიცანი და მოგონებები, რომლებიც ყოველთვის გამაღიმებს და გამაბედნიერებს.
ანი ხარძეიშვილი: სამედიცინოზე ვაბარებ. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სერიალია „გრეის ანატომია“, რომელიც სამედიცინო თემატიკისაა და სწორედ ამ სერიალიდან გადავწყვიტე დამეხატა პერანგზე ერთ-ერთი ექიმის ნამუშევარი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - დახატავს ადამიანის ორგანიზმს, იქ აკვირდება და ხვდება, როგორ უმკურნალოს. ძალიან მინდა, ცნობილი ექიმი გავხდე. ახლა უკვე ვგრძნობ, რომ პატარა აღარ ვარ, ბევრი პასუხისმგებლობა დამეკისრება და სერიოზულად მიწევს ფიქრი ჩემს მომავალზე. სკოლის დამთავრება რაღაც ახლის დასაწყისთან ასოცირდება. სკოლაში რჩება ჩემი ბავშვობა, სადაც განცდილი ყველა სახის დადებითი და სახალისო ემოცია მუდამ მემახსოვრება.
განსაკუთრებით ემოციური ეს დღე სწორედ მეთომტეკლასის დამრიგებლებისთვისაა. სკოლის დასრულება მიულოცა თავის მოსწავლეებს 167- სკოლის პედაგოგმა თამარ ბასილიძემ.
„მზიანი დილა, სიცილი, ცრემლები, უდიდესი ემოცია და მღელვარების ზღვა დღევანდელ დღეს.
ბოლო ზარი ერთ-ერთი დიდი მოვლენა თქვენს და ასევე ჩემს ცხოვრებაშიც, თქვენ ჩემთვის შეუცვლელები ხართ და იქნებით. გილოცავთ ამ მხიარულ და ამასთან ერთად სევდიან დღესასწაულს. როგორ მომენატრებით! იცოდეთ, რომ ყველაფერი წინ გელოდებათ, დარწმუნებული ვარ აირჩევთ ღირსეულ მომავალს.
დადგება დღე, როცა ყველა ერთად ვიამაყებთ თქვენით.
საუკეთესოებო, უმაგრესებო, გამორჩეულებო, თბილებო და ტკბილებო - ჩემებო.
მადლობა ყველა ჩემს კოლეგას დაუზოგავი შრომისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის. 32 საუკეთესო მოსწავლე, შვილი და 11 ღირსეული მედალოსანი გვყავს კლასში.
ჩემო ძვირფასებო, დიდი პასუხისმგებლობა გელით, ყველაფერი წინ გელოდებათ. ბევრი იოცნებეთ, დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები გაცილებით მეტია ვიდრე ოცნებები, რადგან მიზანი ყოველთვის ამართლებს. მიყვარხართ და მეამაყებით, მტკივა და მიხარია დღევანდელი დღე. გილოცავთ! იფრინეთ, ჩემებო, იხარეთ და იდღეგრძელეთ", - ასე მიმართა თავის სადამრიგებლოს პედაგოგმა თამარ ბასილიძემ.