წელიწადში 40 ათას ლარს ხარჯავთ ბავშვების განათლებაში, რაც ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოში, სადაც ბავშვების 77%-ს საგაკვეთილო პროცესზე შია, იმის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ 40 ათასი ლარი სკოლის საფასურში გადაიხადონ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ბოკუჩავა ასევე დაინტერესდა, დადიან თუ არა მინისტრისა და დეპუტატების შვილები საჯარო სკოლაში.
„ბატონო გიორგი, თქვენი შვილები საჯარო სკოლაში დადიან? - მაშინ, როდესაც ამბობთ, რომ ამ პროგრამის [უფასო კვების] განხორციელების შესაძლებლობა და ინფრასტრუქტურული მზაობა არ არსებობს საჯარო სკოლებში, 40 ათას ლარს ხარჯავთ წელიწადში ბავშვების განათლებაში, რაც ძალიან კარგია და ვისურვებდი, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. მაგრამ, საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილობენ და 77%-ს საგაკვეთილო პროცესზე შია, იმის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ 40 ათასი ლარი სკოლის საფასურში გადაიხადონ. მაინტერესებს, აქ მსხდომი უმრავლესობის წევრების შვილები თუ დადიან საჯარო სკოლებში? ან ვკითხოთ ჩვენს შვილებს, არ სურთ, რომ უფასო კვება ჰქონდეთ სასწავლო პროცესის დროს?“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.