ვინ იცინის წლის ბოლოს - მოსწავლე თუ მასწავლებელი? - სახალისო ფრაზები
05-07-2023

სასწავლო წელი დასრულდა, საბოლოო ნიშნებიც დაიწერა და ამჟამად, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს; თუმცა აპლიკანტების ნაწილს ევალება, საშუალო განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტომდე წარადგინოს. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ატესტატების გაცემა 3 ივლისიდან დაიწყო და ახლანდელი აბიტურიენტებისგანაც უკვე სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზა - „წლის ბოლოს ჩვენ გავიცინეთ“.

„ვნახავ ბოლოს ვინ გაიცინებს…“ - ეს ფრთიანი ფრაზა პედაგოგებისგან ხშირად გვსმენია... ჰოდა მოდი, ჩვენს რესპოდენტებთან ერთად გავარკვიოთ, ვისი სიცილი ისმის წლის ბოლოს - მოსწავლის თუ მასწავლებლის? 

Etaloni.ge კურსდამთავრებულების სახალისო პასუხებს გთავაზობთ:

 „ბოლოს მე დავრჩი გაცინებული, მედალს ვიღებ ცოტახანში!“, - აღნიშნავს ლუკა ხაბალაშვილი, რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ბოლოსაც თავად გაიცინებდა. 

„წლის ბოლოს მე გავიცინე, მანამდე კი მასწავლებლები იცინოდნენ და მოუთმენლად ელოდნენ „შურისძიებას“, მაგრამ ბოლოს ისევ თვითონ წვალობდნენ, ნიშანი რომ არ გაგვფუჭებოდა...“, - გვეუბნება ლუკა ხურციძე.

„სკოლა დავამთავრე! მე თანაკლასელებთან ერთად ბანკეტზე ვიცინი, მასწავლებლები კი შემდეგ წელს სხვა ჩემნაირს გაუმეორებენ ამ სიტყვებს“ - ამბობს რომა გვენცაძე.

„ხშირად გვსმენია მასწავლებლის ეს უწყინარი მუქარა თუ ხუმრობა... საინტერესოა, ბოლოს ვინ გაიცინა? ვფიქრობ, როგორც ზღაპრებს აქვთ ბედნიერი დასასრული, ზუსტად ასევეა ამ შემთხვევაშიც. წლის ბოლოს, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ყველამ ერთად გავიცინეთ“, - გვიყვება ანი ჭუმბურიძე და აღნიშნავს, რომ ეს ფრაზა ყოველთვის დააბრუნებს იმ ტკბილ და ნეტარ ბავშვობაში, რომელიც აღარასდროს დაბრუნდება. 

„ბოლოს ყველანი ვტიროდით…“, - ამბობს ლიზი თავდგირიძე. თურმე მასწავლებლებს, მაინც გაცინებული მოსწავლეები ურჩევნიათ, მოსწავლეებს კი მასწავლებლებთან განშორება უჭირთ. 

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე პედაგოგები: 

„გავიცინებდი, მაგრამ მაგის დროც არ მაქვს! ეს გაუთავებელი ტრენინგები, ტრენინგები…“,- აღნიშნავს პედაგოგი ხათუნა კიწმარიშვილი. 

„მიუხედავად ამ „მუქარისა“, ჩვენ ზუსტად მაშინ გვეცინება, როცა მოსწავლეები იცინიან“, - აღნიშნავს პედაგოგი ლია კოტრიკაძე. 

„ბოლოს მოსწავლეებმა გაიცინეს, წავიდნენ სკოლიდან! ჩვენ კი დაგვრჩა ტრენინგები, კურიკულუმები, კომპლექსური დავალებები და სხვა უამრავი…“, - ხუმრობით ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი, თუმცა უდავოა, რომ ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203