რა წესები უნდა დაიცვათ თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს  - ინფექციონისტის რეკომენდაციები 
27-05-2023
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩუტყვავილას გაზრდილი შემთხვევის შესახებ საუბრობს და მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს:

„ჩუტყვავილას შემთხვევები გაზრდილია. წელს ბევრად მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე წინა წლებში. შესაბამისად გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში, ძირითადად ამბულატორიულ ნაწილში. როგორც ვიცით ჩუტყვავილას მსუბუქი მიმდინარეობა აქვს ბავშვთა ასაკში და მოზრდილებშიც, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში, რომ შესაძლოა დაავადება მძიმედ წავიდეს.

ჩუტყვავილას ახასიათებს მრავალფეროვანი გართულებები, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმირება. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვთა ასაკში დაავადების პირველ დღეებს, იმიტომ რომ შესაძლებელია დაავადება აგრესიულად წავიდეს, მაღალი ცხელებით, უხვი გამონაყარით.

იმ შემთხვევაში თუ გამონაყარს ახლავს სისხლჩაქცევები ეს იმის მიმანიშნებელია, რომ შესაძლებელია საქმე გვქონდეს დაავადების მძიმე მიმდინარეობასთა

აუცილებალად წასაკითხი: „დააჭერით ბავშვს ფრჩხილები მოკლედ... არ გამოიყენოთ ასპირინი სიცხის დასაწევად... “ - როგორ მოვუაროთ ბავშვს ჩუტყვავილას დროს

ჩუტყვავილას დროს, ერთ-ერთი გართულება, რომელიც საყურადღებოა, ეს არის პნევმონია, ფილტვების ანთება, რომელიც როგორც წესი მე-3, მე-4 დღიდან იწყება. ახლავს მზარდი ჰაერის უკმარისობა, სილურჯე. თუ საუბარია ბავშვთა ასაკზე შეიძლება იყოს ძილიანობა. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მივმართოთ სპეციალისტს და მდგომარეობის შეფასება მოხდეს.

ასევე, ერთ-ერთი გართულება ჩუტყვავილას დროს არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ე.წ. მენინგოენცეფალიტის განვითარება. ეს საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობებია. სახლის პირობებში ამოცნობა რთულია.

თუ ბავშვს აქვს გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა, ესეც არის ნიშანი რომ დროულად მოხდეს სპეციალისტის ჩართვა. ჩუტყვავილას ყველაზე სპეციფიკური მახასიათებელი ეს არის გამონაყარი და თუ ამ გამონაყარს, თუ სპონტანურად მოხდება მისი დაზიანება, შესაძლოა შეიჭრას ბაქტერიული ფლორა და გამოიწვიოს მეორადი ბაქტერიული ინფექცია.

ის ხასიათდება სიწითლით, შეშუპებით, მტკივნეულობით. ეს ნიშანია რომ შეიძლება გვქონდეს ბაქტერიული ინფექცია და დროულად მივმართოთ სპეციალისტს და დავიწყოთ შესაბამისი მკურნალობა“, - განმარტა გოგინავამ.

რაც შეეხება 20 წლის ზემოთ ასაკს, ექიმი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გართულებების რისკი მაღალია.

„გართულებების რისკი შედარებით მაღალია და ჩემი რეკომენდაცია იქნება პირველივე დღეებიდან მოხდეს ანტივირუსული პრეპარატების ჩართვა, რათა რისკები შევამციროთ. მნიშვნელოვანია რომ ჩუტყვავილას დროს გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ, არ გავხეთქოთ.

კითხვები აქვთ ხოლმე, რამდენად შეიძლება ჰიგიენური ნორმების დაცვა და ბანაობა, შეიძლება კი არა პირდაპირ ვიტყვი აუცილებელია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ასევე ვზრდით ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკს. ეს უნდა მოხდეს მეტ-ნაკლებად გრილი წყლით, ისე რომ გამონაყარი არ დაზიანდეს თორემ სხვა დროს ბანაობას ჩუტყვავილას დროს უკუჩვენება არ აქვს“, - დასძინა გოგინავამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203