„სკოლებში არ ასწავლიან თუ ვერ სწავლობენ - ესაა გამოსაკვლევი“
25-05-2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი განათლების ხარისხის შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სთავაზობს დამატებით შესაძლებლობას, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას.

აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 1179 ლარის გადახდა მოუწევთ, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების შემთვევაში საფასურს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავად მოუწევთ ამ თანხის გადახდა.

კანონპროექტი განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა, რომელსაც დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა მიმართა, ზედმიწევნით შეესწავლათ სკოლებში არსებული გამოწვევები ამ მიმართულებით, რადგან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სკოლებში ვერ ან არ სწავლობენ სათანადოდ სახელმწიფო ენას:

„მომწონს, რომ კიდევ ახალი შესაძლებლობა ჩნდება, უბრალოდ, სკოლას რომ ამთავრებენ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, ძირითადად, არ იციან ქართული და ხომ არ სჯობდა, სკოლაში ამაღლებულიყო სწავლების დონე? მესმის, ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაშია მსგავსი პროგრამები, მაგრამ  ვრცელდება უცხოელებზე, მოქალაქეები კი ვალდებულები არიან, კარგად იცოდნენ სახელმწიფო ენა.

ჩვენ კი ისე გამოგვდის, რომ ეთნიკური უმცირესობა სკოლაში ვერ სწავლობს, შემდეგ ხდება გადამზადება, რაზეც თანახმა ვარ, მაგრამ რამ გამოიწვია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია! სკოლაში ვერ სწავლობენ, არ სწავლობენ თუ არ ასწავლიან - ესაა გამოსაკვლევი“!

თამარ მახარაშვილმა კი აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე კომპლექსურად მუშაობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203