სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეისწავლიან
27-05-2023
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 6 თემატურ მოკვლევას განახორციელებს და შესაბამის ანგარიშებს მოამზადებს.
კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განმარტებით, განახლებული სამოქმედო გეგმის თანახმად, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ახალი თემატური მოკვლევის - საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების შესწავლა იგეგმება. განახლებული სამოქმედო გეგმის ინგლისურენოვანი ვერსია, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უცხოურ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეგზავნებათ, რომლის შემდეგაც ერთობლივი აქტივობები განისაზღვრება.
სხდომაზე გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.
საკითხი შეეხებოდა - საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებას. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ ჯგუფს იგი უშუალოდ უხელმძღვანელებს და ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არსებული ექვსი უნივერსიტეტის მონახულება და იქ არსებული მდგომარეობის გაცნობა იგეგმება.