მოსწავლემ ბოლო ზარი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით „აღნიშნა“ - სკოლის დირექტორისა და რესურსცენტრის კომენტარი
29-05-2023

ბოლო ზარი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით „აღნიშნა“ ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის ეზოსთან მანქანით მისული მეთორმეტეკლასელი იარაღიდან ისვრის, ეზო კი მოსწავლეებით არის სავსე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის შვილია.

აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად და იმის გასაგებად, მოჰყვა თუ არა რეაგირება შემთხვევას, etaloni.ge სკოლის დირექტორს და ზუგდიდის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა.

ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ კუპრეიშვილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ჯერ გვითხრა, რომ ტელეფონში ხმა არ ისმოდა, შემდეგ მისი თანამშრომელი გაგვესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეფონით საუბარი არ სურდა, ასეთ ფორმატში კომენტარს არ მოგცემდა და გაგვითიშა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ბულიამ კი გვითხრა, რომ არ იცის, ვინ ისროდა იარაღიდან, არის თუ არა ნამდვილად ზუგდიდის N10 სკოლის მოსწავლე და არც ის იცის, როდის მოხდა ფაქტი.

„არ ვიცით ვინ არის, კი, ჩანს სკოლა, მაგრამ ვინ ისვრის ან როდის მოხდა, გაურკვეველია. არ ვიცით, იმ სკოლის მოსწავლეა თუ სხვა სკოლის, არ გვაქვს ეს ინფორმაცია. არავის [სამართალდამცავ ორგანოებს] ჩემთვის არ მოუმართავს“, - გვეუბნება რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

ფაქტთან დაკავშირებით ოფციალური კომენტარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203