ბაკალავრიატის სტუდენტთა სტაჟირების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ან უცხოეთში ოპერირებენ, სტაჟირების პროგრამას იწყებს.
პროგრამის ფარგლებში მასპინძელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ უკეთ გაიცნონ ქვეყნის ლიდერი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები და საკუთარ გუნდს შემატონ მაღალი კვალიფიკაციის, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ახალი თანამშრომლები.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტს უკვე ჰყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაცია, თუმცა მიმდინარე წლიდან იგეგმება ახალი პარტნიორი ორგანიზაციების დამატება და ქსელის კიდევ უფრო გაზრდა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ესენია: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ს სტრატეგიული პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM), შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამა შემუშავებულია TUM-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ამავე უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს. სასწავლო პროცესს უძღვებიან მსოფლიოს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორები, მეცნიერები. სწორედ ამ სამი პროგრამის სტუდენტების შერჩევა, სტაჟირება და შემდგომ დასაქმება იქნება შესაძლებელი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.
კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით, უნდა შეავსონ სტაჟიორის მოთხოვნის ფორმა: სტაჟიორების მოთხოვნის ფორმა
სტაჟირება დაგეგმილია ზაფხულის (ივლისი-აგვისტო) ან შემოდგომის (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი) აკადემიური სემესტრების პერიოდში. სტაჟირებისათვის გათვალისწინებული საათების გადანაწილება ხორციელდება დამსაქმებელს, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე.
KIU-ს სტაჟირების პროგრამის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და ტალანტების მოძიების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობა.
დაინტერესებულ კომპანიებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ აქ.