სტუდენტები თეა წულუკიანს მიმართავენ - „რატომ არის პრიორიტეტი აბიტურიენტების მიღება და არა უკვე ჩარიცხული სტუდენტების ბედი“
07-06-2023
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს მიმართავენ და აცხადებენ, რომ აკადემიაში მიმდიანრე რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.  

„მივმართავთ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს, რესტავრაციის/ ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის თაობაზე.

2022 წლის გაზაფხულიდან აკადემიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც კულტურის სამინისტრო უსაფუძვლოდ ერევა და აზიანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების შემსწავლელ ფაკულტეტებს, კონკრეტულად ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის სასწავლო პროგრამას.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არ ვიზიარებთ და პრინციპულად ვეწინააღმდეგებით შემდგომ ცვლილებებს:

1. რესტავრაციის სტუდენტების თაბუკაშვილის სახელოსნოდან უმიზეზო გამოყრა, სასწავლო სემსტრის შუაგულში (2022, მაისი) და შესაბამისი სამუშაო პირობების გარეშე, გაუმართავ შენობაში გადაყვანა
2. ხელოვნების ისტორიის მისაღები ადგილების ოციდან ხუთ კაცამდე ჩამოყვანა
3. ფაკულტეტის დაშლის პირდაპირი მცდელობა - რესტავრატორების სახვით ფაკულტეტთან მიერთებით ან ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბებით
4. ახალი პროგრამის ფარგლებში რესტავრაციის სტუდენტებისთვის კრედიტების უარყოფა და იძულებითი სემესტრის დამატება
5. რესტავრაციის სტუდენტებისთვის თეორიული საგნების გაუქმება

როგორც ჩანს, ახალი პროგრამა არა ერთიანი და გააზრებული, ან რაიმენაირად სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული, არამედ გზადაგზა მიღებული ერთი მეორეზე უარესი გადაწყვეტილებების ნაზავია. ამის კიდევ ერთი მაგალითია 2023 წლის შემოქმედებითი ტურის გამო სასწავლო პროცესის ორი კვირით შეწყვეტა, უპრეცენდენტო შემთხვევა, რადგან აქამდე ტურის ხანგძლივობა კვირას არ ცდებოდა და მაშინაც უადგილოდ აფერხებდა სწავლას.

საინტერესოა თუ რატომ არის მართებული სტუდენტების სემესტრის და შემდგომ გამოცდების ორი კვირით გადადება, როდესაც შეიძლება შემოქმედებითი ტური სასწავლო წლის დასრულების შემდგომ დაინიშნოს? რატომ არის პრიორიტეტი აბიტურიენტების მიღება და არა უკვე ჩარიცხული სტუდენტების ბედი, რომელებსაც უმეტესობასაც ამის გამო დამატებითი შრომა და მაღალ ბინის ქირებთან გამკლავება უწევთ ?

მოვითხოვთ, რომ ყოველივე ეს პუნქტი გათვალისწინებული და გამოსწორებული იყოს. კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ სამხატვრო აკადემიის დამოუკიდებლობას -ჩვენთვის მიუღებელია კულტურის მინისტრის ამგვარი უხეში და უმიზეზო ჩარევები საგანმანათლებლო პროცესში", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203