სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 9:00 საათზე დაიწყება - ინსტრუქცია და სხვა დეტალები
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს 9 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.