3 მიზეზი, რომელთა გამოც მინისტრს დირექტორის გათავისუფლება შეუძლია
20-08-2023

მოქმედი კანონმდებლობით, სკოლის დირექტორებს თანამდებობაზე 6 წლის ვადით ირჩევენ. ერთი პირის ერთი და იმავე სკოლაში დირექტორად დანიშვნა კი ზედიზედ ორჯერაა დაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელს უფლება აქვს, თანამდებობაზე 12 წლის ვადით იყოს, მინისტრს დირექტორის გათავისუფლება რამდენიმე მიზეზით შეუძლია.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, მინისტრს დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის უფლება აქვს, თუ ის 60 სასწავლო დღის განმავლობაში არ/ვერ ასრულებს მოვალეობას.

„მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი“,- წერია კანონში.

ვინ გაიარა დირექტორობის სერტიფიცირება წარმატებით - სია

ასეთ შემთხვევაში დირექტორის ფუნქცია-მოვალეობებს, ახალი დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე შეასრულებს ყოფილი დირექტორის მოადგილე ან სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც რეგისტრირებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, როგორც პირი, რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 

კანონმდებლობის თანახმად, სამინისტრო ასევე უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს.

დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ „საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას“.

ცნობისთვის, 2086 საჯარო სკოლიდან დირექტორი მხოლოდ 9 სკოლას ჰყავს.  2077 საჯარო სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ. დირექტორობის მსურველები კი გასაუბრების შედეგებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა გამოცდა 2023 წლის 22 იანვარს ჩატარდა, მათ, ვინც ტესტირების ეტაპი წარმატებით გადალახეს, სერტიფიცირების მეორე ეტაპზე გადავიდნენ და გასაუბრება გაიარეს. აპლიკანტები გასაუბრების შედეგებს ორ თვეზე მეტია, ელოდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203