ყულარის საჯარო სკოლაში გამართულ სპორტულ-შემეცნებით თამაშს კირიხლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ხალისით შეუერთდნენ
09-06-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში სპორტულ-შემეცნებითი თამაში - „აბა, შემეჯიბრე“ გაიმართა.
მასში ყულარის, თაზაქენის N2 და კირიხლოს საჯარო სკოლების მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები თამაშს ხალისით შეუერთდნენ.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის ამაღლების ხელშეწყობას (ინსტრუქციების გაგება, ჯგუფის სახელის, დევიზის და ლოგოს წარდგენა და ენობრივი სავარჯიშოები); გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, მოსწავლეთა დამეგობრებას, უცხო სოციუმში ადაპტირებას, ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
გუნდები შერეულად, სამივე სკოლის მოსწავლეთა თანაბარი შემადგენლობით, დაკომპლექტდა. სპორტული აქტივობების დაწყებამდე, გუნდებმა თავიანთი სახელი, ლოგო და დევიზი წარადგინეს.
გუნდებმა 10 სპორტული და 4 ინტელექტუალური აქტივობა შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად ისაპარეზეს.
თამაშის დასრულების შემდეგ, მონაწილე გუნდის წევრებს სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს - დიპლომები გადაეცა.
პროექტს ორგანიზატორები მონაწილე სკოლების კონსულტენტ-მასწავლებლები: ლალი ნარიმანიძე, თამარ ყატაშვილი, ლელა ბუთურიშვილი, ნანა არაბული და ხატია ხანიშვილი იყვნენ.