რას მოიაზრებს სკოლის თვითშეფასების სისტემა და ვინ არის მასზე პასუხისმგებელი?
17-06-2023

სკოლის თვითშეფასების სისტემა არის თანმიმდევრულად გამოყენებული თვითგამოკვლევის მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია სკოლის სწავლება-სწავლის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება და მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სკოლის შემდგომი განვითარების გზების დასახვა.

სკოლის თვითშეფასების სისტემის მიზანია, სკოლის საჭიროებების გამოვლენა, რეალურად არსებული სირთულეების აღმოჩენა და მათი დაძლევის გზების მოძებნა.

ვინ არის სკოლის თვითშეფასების სისტემაზე პასუხისმგებელი?

სკოლის თვითშეფასებაზე სპეციალური გუნდი მუშაობს, რომლის შემადგენლობა შეიძლება დაკომპლექტდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტებით, რომლებიც ერკვევიან ყველა სახის სასკოლო საქმიანობაში, სკოლის ადმინისტრაციის წევრებით და საგანგებოდ მომზადებული მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ჯგუფებით. ისინი ერთობლივად იკვლევენ წინასწარ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს და ასევე ერთობლივად გეგმავენ მომდევნო აქტივობებს.

რისი კვლევა შეიძლება დაიგეგმოს სკოლის თვითშეფასების ფარგლებში?

კვლევის საგანი შეიძლება იყოს: საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის, სკოლის/კლასის მართვის/ხელმძღვანელობის, ფინანსური მართვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა მიღწევების, მოსწავლეთა შეფასების საკითხები, სკოლის შიდა და სკოლის გარეთა საქმიანობა. აგრეთვე, შესაძლებელია სასწავლო გარემოს შესწავლა, მოსწავლეთა მოვალეობების/დისციპლინის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვის, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა/ოჯახის მონაწილეობის საკითხები და სხვა.

ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლო დოკუმენტაციის, ინტერვიუების, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვა საკლასო გამოკვლევების სხვადასხვა რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების საფუძველზე.

სკოლის თვითშეფასების საბოლოო პროდუქტია წერილობითი ანგარიში. შეკრებილი მასალა უნდა გააანალიზდეს გუნდის წევრების მიერ. გუნდის ყველა წევრი პასუხისმგებელია სკოლის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203