ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
I თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
II თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.