სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულთა ხელფასი კვლავ საშუალო ანაზღაურებაზე დაბალია
19-06-2023
განათლების სფეროში არსებული ანაზღაურება კვლავ ბოლო ადგილს იკავებს საქსტატის მიერ გამქვეყნებულ კლასიფირიებულ სფეროებს შორის.
მართალია, განათლების მიმართულებით საშუალო თვიური ანაზღაურება 2022 წლის პირველი კვარტლის ანაზღაურებასთან - 895 ლართან შედარებით, გაზრდილია და 2023 წლის პირველ კვარტალში 1009 ლარს შეადგენს, მაგრამ საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით, ის მაინც ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7 პროცენტით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა - ასეთია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
საქსტატს ეკონომიკური საქმიანობის სახეების 19 კლასიფიკაცია აქვს გამოყოფილი, საიდანაც საშუალო თვიურ ანაზღაურებაზე მაღალი ხელფასი 9 მიმართულებაში ფიქსირდება, ხოლო დარჩენილ 10- სფეროში ხელფასი იმაზე დაბალია, ვიდრე განსაზღვრული საშუალო თვიური ხელფასი - 1716.6 ლარია.