საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და იმავდროულად, ფაქტობრივად, სექტემბრისთვის სამზადისიც დაიწყო. სკოლები პირველკლასელების მისაღებად ემზადებიან. etaloni.ge დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პატარა მოსწავლეებს განსაკუთრებული სიყვარულით ხვდებიან და ახლაც, მე-2 კლასში გადასულებს დასამახსოვრებელი და გამორჩეული ღონისძიებები მოუწყვეს; გარდა ამისა, დირექტორებმა აბიტურიენტებზეც ისაუბრეს. მათ წარმატება უსურვეს და რჩევებიც მისცეს.
დავით ხუროშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის დირექტორი: წელს 3 აბიტურიენტი გვყავს, მათგან 1 სამხედრო აკადემიაში აბარებს. ორს კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი აქვს არჩეული. ვიდრე სკოლას დაამთავრებდნენ, გამოცდებისთვის ფსიქოლოგიურად შევამზადეთ. ახლა ვურჩევ, გამოცდაზე არ იჩქარონ, წესებს დაემორჩილონ, ზედმეტი საგნები არ შეიტანონ, მშვიდად იყვნენ და დრო აკონტროლონ. მნიშვნელოვანია, ძალიან წყნარად იმუშაონ იმისთვის, რომ კარგ შედეგს მიაღწიონ. რაც შეეხებათ პირველკლასელებს, მომავალ სასწავლო წელს ხუთს ველოდებით.
თამილა მარგველიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანი, თანაც საბაზოა, ამიტომ აბიტურიენტები არ გვყავს. წელს 4 პირველკლასელი გვყავს, ხოლო მომავალი სასწავლო წლისთვის საერთოდ არ ველოდებით. ახლა პირველკლასელებისთვის ღონისძიება მოვაწყვეთ. ზოგადად, აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ ნაკლებად ინერვიულონ, სტრესმა ხელი არ უნდა შეუშალოთ. ვფიქრობ, რაც უფრო თავისუფლად მიუდგებიან გამოცდებს, მით უფრო კარგი შედეგი ექნებათ. მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ.
ცისანა რატია, ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:წელს ჩვენი სკოლა 8 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 2 ოქროს მედლის კანდიდატია. მათ და ზოგადად, ყველა აბიტურიენტს, ყველაფერს საუკეთესოს, წარმატებასა და ბედნიერებას ვუსურვებ. მომავალი სასწავლო წლისთვის კი 15 პირველკლასელს ველოდებით. რაც შეეხებათ ახლანდელ პირველკლასელებს, მათ დიდი სიყვარულით დავემშვიდობეთ, მოსწავლეებმა ანბანის დასრულებაც აღნიშნეს.
ლელა ჩერქეზიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი: ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ აბიტურიენტები გვყავს. ისინი ცდილობენ, რომ ძალები მოსინჯონ, სერიოზულად ემზადებიან. ჩვენც ხელს ვუწყობდით, ზოგი რეპეტიტორთან სიარულს ვერ ახერხებდა და ვცდილობდით, საგამოცდოდ ჩვენ მოგვემზადებინა. ვეტყოდი, რომ გამოცდებზე კონცენტრირდნენ. ყველაფერი ერთი დღით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ახლა წარმატებას ვერ მიაღწევენ, არ დანებდნენ და მომავალ წელსაც სცადონ. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს პრაქტიკაში თითქმის არ ყოფილა ისეთი შემთხვევა აბიტურიენტი იმავე წელს რომ ვერ აბარებდეს გამოცდებს.
ჩვენ მომავალ სასწავლო წელს 8 პირველკლასელს მივიღებთ, ყველანაირად მზად ვართ - სახელმძღვანელოებით და სექტემბერში „ბუკებითაც“ გავახარებთ.
იური მრელაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენი სკოლა წელს 41-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან 18 აბიტურიენტია. მე პირადად, რასაკვირველია, ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ, ცოდნა გამოემჟღავნებინოთ და მიზნებისთვის მიეღწიოთ. ახლა პირველ ნაბიჯებს გადიან, მთავარი ეტაპი მაშინ იწყება, როდესაც სტუდენტები გახდებიან და მომავალ პროფესიას შეეჭიდებიან. აღსანიშნავია, რომ მომავალი სასწავლი წლისთვის ჩვენ დაახლოებით, 40 პირველკლასელს ველოდებით.
მაია ბროლაძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენი სკოლა წელს 4-მა მოსწავლემ დაამთავრა, 2 აბიტურიენტია, რომელთაგანაც 1 ვერცხლის მედლის კანდიდატია. მათ გამოცდებზე მთელი ცოდნის მობილიზებასა და წარმატებით ჩაბარებას ვუსურვებ. აუცილებელია, რომ თავიდანვე კარგი განწყობა ჰქონდეთ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ამიტომ, როგორც ვიცი, მომავალ სასწავლო წელს 4 პირველკლასელი გვეყოლება. ჩვენ ახლანდელ პირველკლასელებსაც განსაკუთრებული მიღება და გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოვუწყვეთ.
თამარ გოგალაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი 12 კურსდამთავრებულიდან, 11 აბიტურიენტია, ერთი კი პროფესიულ სასწავლებელში აბარებს. მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ვეტყოდი, რომ გამოცდებზე ყურადღება გამოიჩინონ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველკლასელებს ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოვუწყვეთ. რაც შეეხება მომავალი სასწავლო წლისთვის მოლოდინებს, პირველ კლასში 10 მოსწავლე გვეყოლება.
ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი: სამწუხაროდ, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თანაც საბაზო, ძალიან ცოტა მოსწავლე გვყავს. წელს არც მეცხრეკლასელები გვყავდა და არც პირველკლასელებს ველოდებით. ზოგადად, აბიტურიენტებს ვეტყოდი, გამოცდაზე ტესტი გულდასმით წაიკითხონ, დამშვიდდნენ, კარგად გაიაზრონ, თუ რას ეკითხებიან. მნიშვნელოვანია, არ ინერვიულონ და თითოეულ საკითხს დააკვირდნენ.