„სკოლას და რესურსცენტრს ერთნაირი პასუხისმგებლობა ექნებათ“ - პერსონალი სიღრმისეულ გადამზადებას გაივლის
26-06-2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ, სკოლების ავტორიზაციის პროცესში ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლის გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, რესურსცენტრების წარმომადგენლები სამდღიან ტრენინგს გადიან რათა სამინსიტროს ექსპერტებთან ერთად შევიდნენ სკოლებში, თუმცა ამ ვიზიტების ფარგლებში მათ არ აქვთ შინაარსობრივი მხარის შეფასების როლი და ფუნქცია:

„ამ ეტაპზე რესურსცენტრების წარმომადგენლებს აქვთ ავტორიზაციის პროცესის ფასილიტატორის ფუნქცია - ექსპერტის ვიზიტი მაინც სტრესულია და რესურსცენტრებმა უნდა დაამყარონ სკოლებთან კარგი კომუნიკაცია... ამ ეტაპზე ისინი გადიან სამდღიან ტრენინგებს, თუმცა არ ვაპირებთ, ამით დავასრულოთ რესურსცენტრის როლი ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში“...

კახაბერ ერაძემ ასევე დასძინა, რომ უპირობოდ უნდა გადაიხედოს რესურსცენტრების ფუნქციები, რომლებსაც იმიტომ ასრულებდნენ, რომ სამინისტროს არ გააჩნდა საჯარო სკოლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი:

„წლის ბოლოდან რესურსცენტრებს უფრო გაძლიერებული კომპეტენციით ვხედავთ: პირველი - ეს იქნება სკოლების თვითშეფასება, რასაც ცენტრალურ დონეზე მუდმივად ვერ გავაკეთებთ და მომავალში ეს ფუნქცია რესურსცენტრებს ექნებათ. განმარტებისთვის ვიტყვი - ექსპერტი კი არ წავა „ექედან“ კონკრეტულ სკოლაში, არამედ მისი მხარდამჭერი იქნება რესურსცენტრი;

აღსანიშნავია, რომ ისინი ფიზიკურ ვიზიტებში გააგრძელებენ მონაწილეობას და კიდევ ერთი ფაქტორი - სკოლა შეიმუშავებს საკუთარი განვითარების გეგმას და სწორედ რესურსცენტრი უნდა დაეხმაროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ადეკვატური შესაბამისობის გეგმის შემუშავებაში, შემდეგ კი მისი მონიტრინგი განახორციელოს... ორი წლის მერე კი მონიტორინგისას, თუ აღმოვაჩენთ, რომ ამ გეგმის მიხედვით არაფერი გაუკეთებია სკოლას, დადგება სხვა საკითხი ავტორიზაციის.

აქედან გამომდინარე, რესურსცენტრის პირდაპირი მოვალეობაა სკოლის მხარდაჭერა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესურსცენტრის ტერიტორიაზე რამდენიმე სკოლას შეიძლება ერთნაირი საჭიროებები დაუდგეს - ამიტომ კონსოლიდირებული მიდგომა უფრო ხარჯთეფექტურია, რესურსცენტრის დონეზე მოხდეს...

რესურსცენტრების როლი აუცილებლად გაიზრდება, რასაც მოჰყვება პერსონალის სიღრმისეული გადამზადება, რადგან დღეს არ ვართ დარწმუნებულნი, ისინი ადეკვატური შესაბამისობის გეგმებს შეიმუშავებენ იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ ჰქონიათ ამის საშუალება. ასე რომ ავტორიზაციაზე სკოლაც და რესურსცენტრიც ერთნაირად იქნება პასუხისმგებელი“, - განაცხადა სხდომაზე კახაბერ ერაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203