2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა - უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად 45 ათასზე მეტი აპლიკანტი იბრძოლებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა ნაწილი, პროფესიული განათლების მიღებას აპირებს და როგორც დირექტორები etaloni.ge-სთან აცხადებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიმართულებით აპირებენ განვითარებას მათი კურსდამთავრებულები, მთავარია ისინი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყვნენ, რაშიც ლომის წილი სწორედ სკოლას აქვს.
საყვარელ მოსწავლეებთან გამომშვიდობება კი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საოცრად ემოციურია; არ არის მარტივი განშორება ბავშვებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში ასწავლიდი, აძლევდი საგნობრივ ცოდნას და მუდმივად ზრუნავდი, ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოგეყალიბებინა.
2022-2023 სასწავლო წლის დასასრულს არაერთმა სკოლამ გააცილა მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე, ზოგმა უმაღლეს, ზოგმა პროფესიულ სასწავლებელში, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა კი სხვა სკოლებში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სადახლოს N2 საჯარო სკოლა 110 მოსწავლეს დაემშვიდობა, ქაპანახჩის საჯარო სკოლა კი 10-მა მოსწავლემ დაასრულა და როგორც დირექტორი, აფთანდილ ეფენდიევი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ისინი აუცილებლად ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში.
კურსდამთავრებულების განწყობასა და მიზანსწრაფულობაზე გვესაუბრება მარნეულის N8 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ელმან ჯაფარლიც და მისი თქმით, 62-ივე კურსდამთავრებული იპოვის ცხოვრების მიზანს, იქნება ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, უმაღლეს სასწავლებელში მიიღებს სათანადო ცოდნას და გახდება იმ საქმის პროფესიონალი, რასაც აირჩევს.
როდესაც სწავლა მოსწავლისთვის პრიორიტეტია, ეს, როგორც ცალკეული პედაგოგის, ისე ზოგადად სკოლის, მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა და სწორედ ამაზე საუბრობს etaloni.ge-სთან მარნეულის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მინარა კარაკოვა.
ესაა საბაზო სკოლა და ქალბატონ მინარას ეამაყება, რადგან მისი სკოლის კურსდამთავრებულები არჩევანს სრული განათლების სასარგებლოდ აკეთებენ; 2022-2023 სასწავლო წელს სკოლამ 11 კურსდამთავრებულს დაულოცა გზა, შულავერის N2 საჯარო სკოლა კი 16-მა მოსწავლემ დაამთავრა.
სხვათა შორის, სკოლის დირექტორი, ბაირამ ახმედოვი განმარტავს, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ენის სწავლებას.
3 მოსწავლე გააცილა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ცოფის საჯარო სკოლამ და დირექტორის, ნაბი აგაჯანოვის განცხადებით, ეამაყება, რომ მისი მოსწავლეებისთვის სწავლა პრიორიტეტია; ამ მხრივ გამონაკლისი არც ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლა გახლავთ და მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირისა, პედაგოგები თავს არ ზოგავენ, ბავშვებს მისცენ საფუძვლიანი განათლება.
დირექტორის - ზიადინ საფაროვის განცხადებით, 2022-2023 სასწავლო წელს, საბაზო საფეხური 2-მა მოსწავლემ დაასრულა, ხოლო ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლამ 3 მოსწავლეს დაულოცა გზა საბაზო საფეხურიდან ჯერ საშუალო, შემდეგ კი უმაღლესი განათლებისკენ.
ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის დირექტორის, გულავატინ მამედოვას განცხადებით, სასკოლო საზოგადოებისთვის პრიორიტეტია, მისცენ მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ თითოეული მათგანი აღზარდონ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად. ამისთვის სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, ხელმძღვანელობის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს და როდესაც საკუთარი კურსდამთავრებულების წარმატების შესახებ იგებენ, ამაყობენ, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია.
საშუალო საფეხურიდან უმაღლესი განათლების გზაზე გააცილა 12 მოსწავლე ზემო სარალის საჯარო სკოლამ - საკმაოდ ემოციური იყო დამშვიდობება ბავშვებთან, რომელთაც 12 წელი გაატარეს ცოდნის ტაძარში; etaloni.ge-სთან დირექტორი, მამედ პარიევი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მისი კურსდამთავრებულები არაერთ წარმატებას მიაღწევენ და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს მშობლიური სკოლის, საყვარელი მასწავლებლებისა და რა თქმა უნდა დირექტორის იმედი.
ერთადერთ მოსწავლეს დაულოცეს ცხოვრების გზა ალგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა; სკოლის ხელმძღვანელი, მამედ იუზბაშევი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსახლეობის მიგრაცია ხდება, თუმცა ამაყობს თითოეული მოსწავლით და დარწმუნებულია მათ წარმატებაში.
2022-2023 სასწავლო წელს აღმამედლოს საჯარო სკოლას 38 კურსდამთავრებული ჰყავდა, რომლებიც დირექტორმა აშრაფ ტუკანოვმა, პედაგოგიურ საზოგადოებასთან ერთად, დიდი სიყვარულით გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე; ახლოლალოს საჯარო სკოლამ საბაზო საფეხურის 12 მოსწავლეს დაულოცა გზა ახალ სკოლაში; etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი, მაჰარამ ხალილოვი სიამაყეს ვერ მალავს იმის გამო, რომ მისი საყვარელი მოსწავლეებისთვის სწავლა პრიორიტეტია და დარწმუნებულია, ისინი არაერთ წარმატებას მიაღწევენ ცხოვრების საინტერესო გზაზე.