მასწავლებლების დიდი ნაწილი მოსწავლეებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ინტერნეტსივრცეში ანთავსებს. სოციალურ ქსელში აქტიური პედაგოგები ხშირად იწონებენ თავს გაკვეთილის ამსახველი ფოტოსურათებით.
პედაგოგების მხრიდან ასევე ხშირია ღონისძიებების, ექსკურსიების თუ სხვა გასვლითი აქტივობების ამსახველი ფოტომტკიცებულებების გავრცელება საკუთარ ბლოგზე ან რომელიმე სოციალურ ქსელში.
ზოგიერთმა პედაგოგმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ინტერნეტსივრცეში არასწრულწლოვნების სურათების გავრცელება, მშობლის ნებართვის გარეშე, დაუშვებელია. უფრო მეტიც, შეიძლება თავად მოსწავლესაც არ სურდეს თავისი სურათის საჯაროდ გამოქვეყნება, მასწავლებლებმა კი ეს დეტალები უნდა გაითვალისწინოს.
რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა რომ არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესებიც გაითვალისწინოს და საგაკვეთილო აქტივობების/ღონისძიებების ამსახველი ფოტოების გასაჯაროების უფლება მიეცეს?
პედაგოგმა რომ მოსწავლეების ფოტოსურათების გასაჯაროების უფლება მოიპოვოს, ამისთვის მშობლის ზეპირსიტყვიერი ნებართვა საკმარისი არ არის. დამრიგებლებმა მშობლებისგან წერილობითი ნებართვა უნდა მიიღონ. ამისთვის კი კლასის ხელმძღვანელებმა მშობლის თანხმობის დოკუმენტი უნდა მოამზადონ, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული, რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს სკოლას ან პედაგოგს მოსწავლეთა სურათების გავრცელება.
როგორ უნდა შევადგინოთ თანხმობის განაცხადი, რომელსაც მშობლები მოაწერენ ხელს? რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს დოკუმენტი?
დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სკოლამ/მასწავლებელმა ბავშვის სურათები? სად შეიძლება განთავსდეს მოსწავლის ფოტოები? (სკოლის ან მასწავლებლის პირად სოციალურ გვერდზე, ბლოგზე, ვებგვერდზე და ა.შ)
მშობლის თანხმობის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სკოლის დასახელება, მასწავლებლის სახელი,გვარი. ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მშობლის სახელი გვარი და ხელმოწერა. თარიღი.
მასწავლებელს შეუძლია თანხმობის განაცხადის ერთი ეგზემპლარი დაამზადოს, რომელსაც ის მშობლები მოაწერენ ხელს, ვინც პედაგოგს მოსწავლის სურათების საჯაროდ განთავსებაზე ნებართვას მისცემს (მსგავსი დოკუმენტის მომზადება გამართლებულია იმ შემთხვევაში თუ მშობლები თანახმა არიან, ბავშვების ფოტოები განთავსდეს როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ბლოგზე და სხვა ციფრულ ან არაციფრულ არხებზე).
პედაგოგს ასევე შეუძლია, თანხმობის განაცხადი თითოეულ მშობელს ცალ-ცალკე დოკუმენტად შეავსებინოს, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული ბავშვის/მშობლის ინტერესი (მაგალითად, თუ მშობელს არ სურს სურათების სოციალურ ქსელში განთავსება, მაგრამ წინააღმდეგი არაა მისი შვილის ფოტოები მასწავლებლის პირად ბლოგზე განთავსდეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, თანხმობის დოკუმენტი მის ინტერესებზე მორგებულად დამზადდეს).