მასწავლებლის წიგნები კლასებისა და საგნების მიხედვით განსხვავდება. რაც მათ აერთიანებთ ისაა, რომ სახელმძღვანელოები პედაგოგებს მეთოდურ მითითებებს აძლევს და ეხმარება, სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესაბამისად დაგეგმონ.
კანონის თანახმად, სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ დირექცია ყველა პედაგოგს მეთოდური წიგნებით დაასაჩუქრებს.
გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლობები სკოლებს მასწავლებლის წიგნებს გადასცემენ. პედაგოგების მეთოდური სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკაში უნდა განთავსდეს და მასზე ხელი მიუწვდებოდეს პარალელური კლასების მასწავლებლებს. უმეტეს შემთხვევაში, სკოლაში გამომცემლობები მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელოების, თითოეული საგნისა და კლასის მიხედვით, ერთ ეგზემპლარს აგზავნიან, რაც დისკომფორტს ქმნის, რადგან ასეთ დროს პარალელური კლასის რამდენიმე პედაგოგმა ერთი წიგნი უნდა გამოიყენოს. თუმცა ზოგიერთი გამომცემლობა ყველა პედაგოგს ასაჩუქრებს წიგნების კომპლექტით (მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები საგნის შესაბამისად).
მართალია, კანონი სკოლებს მასწავლებლების მეთოდური სახელმძღვანელოებით მომარაგებას ავალდებულებს, თუმცა დირექციას პედაგოგებისთვის წიგნების საჩუქრად გადაცემა არ ევალება. თუ პედაგოგებს სურვილი აქვთ, რომ მეთოდური სახელმძღვანელოები პირადად ჰქონდეთ, მათ აღნიშნული წიგნები თავად უნდა შეიძინონ ან ელექტრონული ვერსიით ისარგებლონ.