რა შემთხვევაში ჩაგეთვლებათ საპატიოდ გამოცდაზე არმისვლა - სამინისტროს ბრძანება გამოქვეყნდა
28-06-2023

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რამდენიმე პირობა, როდესაც გამოცდაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტებს საპატიოდ ჩაეთვლებათ და მათთვის დამატებითი ტესტირება ჩატარდება, ოღონდ ასეთ დროს ქულებს გათანაბრება არ შეეხება.

ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი  ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;

ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

გ) დაუძლეველი ძალის გამო.

„ტესტირებაზე გამოუცხადებელმა აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ეს მონაცემები კი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203