წელს ავტორიზაციისთვის 397 საჯარო სკოლა შეირჩა - დეტალები 
28-06-2023
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გააცნო.

მისი თქმით, სკოლებმა, რომლებმაც ახალი სტანდარტების დამტკიცებამდე გაიარეს ავტორიზაცია, უნდა უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა ახალ სტანდარტებთან 2024 წლის 1 სექტემბრისთვის.

თამარ მახარაშვილის განმარტებით, ჩამოყალიბდა ავტორიზაციის ოთხი ახალი სტანდარტი, ესენია: სკოლის ფილოსოფია, სასკოლო კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და მოსწავლეთა მხარდაჭერა.

„ყველა კერძო სკოლა ავტორიზებულია. საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი. 2014-2022 წლებში ავტორიზაცია გაიარა 5-მა საჯარო სკოლამ“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2022 წელს, 2074 საჯარო სკოლაში განხორციელდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პილოტირება.

აღნიშნულ პროცესში შემუშავდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა, განხორციელდა ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირება და მომზადდა საჯარო სკოლების შესახებ ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების ბაზა.

საავტორიზაციო მზაობის შესაბამისად, 2023 წლისთვის შეირჩა 397 საჯარო სკოლა. ავტორიზაციის სიმულაციური შეფასება განხორციელდა 3 საჯარო სკოლაში. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს 250-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო წარმოება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, სკოლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ავტორიზაციის პროცესის ღიაობა.

„სამინისტროს მიდგომა და განწყობა გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203