რაზე ღელავენ ყველაზე მეტად აბიტურიენტები გამოცდის წინ?
01-07-2023
ერთიანი ეროვნული გამოცდები მოახლოვდა, შესაბამიასად, თანდათან აბიტურიენტების, მშობლებისა და მასწავლებლების ნერვიულობაც მატულობს. 

ისინი, ფაქტობრივად, ყველაფერზე - დაწყებული ამინდით, დამთავრებული ტესტების სირთულით - ღელავენ. ეს გასაგებიცაა, რადგან ეროვნული გამოცდები აბიტურიენტების ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ისინი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიან, თანაც სურთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა წარმატებით გამოავლინონ. 

ჩვენ რამდენიმე აბიტურიენტს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ ეთქვათ, რაზე ნერვიულობენ ახლა ყველაზე მეტად.

„ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ რამე არ დამრჩეს, არ დამაგვანდეს. ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. მთელი წელია ვემზადები, არ მინდა რამე მცირე დეტალმა ხელი შემიშალოს. ზოგადად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი პრობლემა ისაა, რომ მინდა ყველაფერი წესრიგში იყო და მუდამ ამაზე ვფიქრობ. რაც შეეხება საკითხებს, არ ვნერვიულობ, ძალიან ბევრი ვიმეცადინე, ამაში თავდაჯერებული ვარ. მთავარია, პირველი გამოცდა გადავაგორო და შემდეგ, საქმე უფრო მარტივად წავა“,- ამბობს ანა.

„ზოგადად, მათემატიკაში უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ქართულ ენაში, მთელი 12 წელიწადი ასე იყო. ამიტომაც, იმაზე ვნერვიულობ რაიმე სტილისტური შეცდომა არ დავუშვა ან იქ დავსვა მძიმე, სადაც საჭირო არაა. ძირითადად, ეს პრობლემა მაქვს. უცხო ენა კარგად ვიცი, საერთოდ არ ვღელავ. მინდა, რომ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს იმედები არ გავუცრუო“,- გვეუბნება გიორგი

„ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, პირველ რიგში კი იმაზე ვნერვიულობ, რომ ღელვისგან შეიძლება რაღაც დამავიწყდეს, კონცენტრაცია ვერ მოვიკრიბო და ხელი შემეშალოს. იმდენად გადართული ვარ გამოცდებზე, იმასაც კი ვამოწმებ როგორი ამინდი იქნება, ხომ არ დაცხება ან ხომ არ იწვიმებს. ამას ხომ არანაირი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც ვღელავ“,- ამბობს ანი.

„იცით რა?! მგონი, არაფერზე ვნერვიულობ და ზოგჯერ იმაზე ვნერვიულობ, რომ არ ვნერვიულობ. მგონი ცოტა უცნაურია, მაგრამ მართლა ასე ვარ. რაც იქნება, იქნება. ვიცი, რომ გამოცდებს ჩავაბარებ და დანარჩენს მომავალი მიჩვენებს. ჩემზე მეტად ოჯახი ნერვიულობს, დილით გამოცდაზე, მხარდასაჭრად, წამოსვლას აპირებენ, უარს ვეუბნები, მაგრამ არამგონია რამეს გავხდე. ყველა აბიტურიენტს კი წარმატებს ვუსურვებ“,- აღნიშნავს დიანა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203