სკოლამ, პირველ რიგში, პირველკლასელებს უსაფრთხო გარემო უნდა დაახვედროს. ასევე მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ მათ მიმართ კეთილგანწყობა, რადგან ბავშვებს სიხარულს უნდა ანიჭებდეს სკოლაში შესვლა - დადებითი ემოციები უნდა აღეძრათ.
ჩვენ, პირველკლასელებისთვის საკლასო ოთახს საზეიმოდ ვრთავთ ხოლმე. სამწუხაროდ, წელს არ გვყავს პირველკლასელები, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. რაც შეეხება საჭირო უნარებს, ვფიქრობ, მათ, პირველ რიგში, უნდა შეეძლოთ მასწავლებლის მოსმენა.
ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სოფელი მთაგორიანია და სამწუხაროდ, არ არის ბაღი, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ბაღში არის სპეციალური პროგრამა, რომლითაც მიმდინარეობს სწავლება. ეს კი მათ სკოლაში შესვლამდე გავლილი უნდა ჰქონდეთ. მისი დამთავრების შემდგომ მოსწავლე, როცა შედის სკოლაში, მათემატიკური და წერა-კითვის უნარები განვითარებული აქვს. ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში ვაკვირდები მოსწავლეებს და ის მოსწავლეები, რომლებიც ბაღში დადიოდნენ მეტი აქტიურობით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, სოფელში ამის შესაძლებლობა არ გვაქვს...
ჩვენ სკოლაში მაქსიმალურად ვცდილობთ პირველკლასელთათვის შესაბამისი გარემო მოვაწყოთ. გვაქვს როგორც ტექნიკური ასევე მატერიალური ბაზა. პირველკლასელებისთვის გვაქვს ყველაფერი - ლიტერატურა, მეთოდური, დამხმარე სახელმძღვანელო. სხვადასხვა გამომცემლობა პატარებისთვის უამრავ სიახლეს გვთავაზობს, რომელსაც პედაგოგებს ვაწვდით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ.
ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველკლასელებს სკოლაში მშვიდი გარემო უნდა დახვდეთ. წელს, 4 მომავალი პირველკლასელი გვყავს. ჩვენ, ისინი მოვიპატიჟეთ, გავაცანით დამრიგებელი.
საჭირო უნარ-ჩვევები მათ სკოლაში განუვითარდებათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ბაღში ისწავლიან წინასწარ მშობლიურ ანბანს. ადრე ასწალვიდნენ და შემდგომ სკოლაში აღარ უჭირდათ მისი ათვისება.
ასევე ვფიქრობ, პირველკლასელებმა უნდა შეძლონ სკოლის წესების მიღება - საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, ნებისყოფის დახვეწა, თანატოლებთან მეგობრობა, სკოლის რეჟიმთან შეგუება. პირველკალსელებს უჭირთ ამის შესრულება, მაგრამ ამის დაძლევაში ჩვენი სკოლის მასწავლებლები დაეხმარებიან - ბავშვები შეძლებენ გახდნენ საუკეთესო უნარ-ჩვევების მქონენი. ამისთვის ასევე აუცილებელია მშობელთა ჩართულობაც.
გიორგი იაკობიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვეულებისამებრ, შევეცდებით, რომ პირველკლასელებს სკოლაში მათზე მორგებული გარემო დავახვედროთ, რადგან ბაღის შემდგომ მათ გაუმარტივდეთ ადაპტაცია.
ჩვენთან არის ისეთი გარემო, რომელიც ბაღისა და სკოლის შესაბამისობაში მოდის. საკლასო ოთახს მათთვის სადღესასწაულოდ ვრთავთ. დამრიგებელი ზრუნავს ამ ყველაფერზე. ასე, კლასში, როდესაც შემოაბიჯებენ ბავშვები განწყობა მეტად აუმაღლდებათ. სასიამოვნო გარემო პირველკლასელებს ხელს შეუწყობს, იმაში, რომ სწავლა მათთვის იყო სასიამოვნო და სახალისო.
მამუკა კუპატაძე, შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველკალსელებს სკოლაში შესაბამისი გარემო, უნდა დავახვედროთ, რადგან სწავლა შეძლონ. ისეთი პირობები უნდა შევთავაზოთ, სადაც გართობა და სწავლაც შერწყმული იქნება. თავიდან ძალიან დიდი დატვირთვა არ უნდა ჰქონდეთ.
გვყავს ისეთი პედაგოგები, რომლებიც მათ ამაში დაეხმარებიან და მათთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევის განვითარებას ხელს შეუწყობენ.
ბაღში ფერების, ფიგურების ცოდნასა და დასახელებას ასწავლიან. შესაბამისად, კარგია თუ მომავალი პირველკლასელები ფლობენ ამ უნარებს, მაგრამ თუ არ იციან სკოლაში შეიძენენ. ლექსები, ზეპირსიტყვიერება კი მათ დამატებითი ცოდნის მიღებაში დაემხარებათ.
ნინო ნიკოლეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველ რიგში, უსაფრთხო და სასწავლო პროცესზე ორიენტირებული გარემო უნდა დავახვედროთ მომავალ პირველკლასელებს სკოლაში. მინიმალურ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდნენ, რომლებსაც პირველ კლასში განავითარებენ. სწორედ ამისთვის არსებობს სკოლა. ვფიქრობ, მეტყველებისა და წარმოსახვის უნარები უნდა ჰქონდეთ განვითარებული. მათთვის ჩვენ საზეიმო განწყობის შექმნას ვცდილობთ. საკლასო ოთახს შესაბამისად ვაფორმებთ და ვრთავთ. ვახვედრებთ სახელმძღვანელოებს, კომპიუტერებს კლასის ხელმძღვანელებთან ერთად. სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო იქმნება.
ზურაბ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველ რიგში, სკოლამ უნდა დაახვედროს მომავალ პირველკლასელებს მშვიდი, კეთილგანწყობილი გარემო. საკლასო ოთახი უნდა იყოს შესაბამისად მოწყობილი. ჩვენ მათ ახალ სახელმძღვანელოებს გადავცემთ, ეცნობიან დამრიგებელს.
ელემენტარული ცოდნა კარგი იქნება ბაღში თუ ექნებათ მიღებული, რადგან შემდგომ სკოლაში არ გაუჭირდებათ ახალი უნარების ათვისება.
ეკატერინე ბოდაველი, ქალაქ ახმეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
ბაღს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების საბაზისო უნარების განვითარებაში. პირველკლასელი უნდა ფლობდეს მშობლიურ ანბანს, ელემენტარული ანგარიში უნდა შეეძლოს. ასევე, ცეკვა, სიმღერა... ბაღის ღონისძიებას დავესწარი, სადაც შემოქმედებითი უნარები შესაბამისად წარმოაჩინეს ბავშვებმა. ამის გათვალისწინებით ისინი მზად არიან სკოლაში მოსასვლელად.
ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ შესაბამისი გარემო მოვუწყოთ მათ. პრემიერ-მინისტრის პროგრამაში ვართ და სავარაუდოდ, ახალი სკოლა, ახალი კლასი ექნება ჩვენს მოსწავლეებს. უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული თბილი, გარემო. ჩვენ მოსწავლეებს პროფესიონალი მასწავლებლები ეყოლებათ.
ყველაფერი გვაქვს, რაც არაფორმალური და საკლასო განთლებისთვის არის საჭირო. უამრავი სასკოლო რესურსი გვაქვს მათი განვითარებისთვის.
კაკო ანთაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლისა დირექტორი:
პირველკალსელებს საზეიმო ვითარებაში ვხვდებით. საკლასო ოთახს საზეიმოდ ვაწყობთ. ახალი წიგნები, სასიამოვნო გარემო მათ განწყობას მეტად უმაღლებთ... ასევე, ღონისძიებებს ვაწყობთ, რომლებშიც ისინი დამრიგებელთან ერთად მონაწილეობენ.
ვფიქრობ, მათ ბაღში უნდა ჰქონდეთ საბაზისო ცოდნა მიღებული, ნახატების გარჩევა უნდა შეეძლოთ და ელემენტარული ცოდნა თუ ექნებათ კარგი იქნება. დანარჩენს უნარებს 1-ელ კლასში შეიძენენ.