2023 წლის გამოცდების მთავარი სიახლე - რა დამატებითი უფლებები ექნებათ აპლიკანტებს
01-07-2023

დღეს, 1 ივლისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2023 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.

შეხვედრაზე, ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგამოცდო სივრცე დაათვალიერებინა და დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს გამოცდებზე.

იმიტირებული საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ, დირექტორმა მედიასთან განმარტება გააკეთა შეხვედრის შესახებ და ისაუბრა, თუ რამდენად მზადაა საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტების მისაღებად და როგორი გარემო დახვდებათ მათ.

„საგამოცდო პროცესისთვის მზადება ფაქტობრივად უკვე დასრულდა. ყველა საგამოცდო ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით მზად არის აბიტურიენტების მისაღებად. დღეს ჩვენ გვინდოდა მედიისთვის და ასევე საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა თუ რა გზას გადის აბიტურიენტი, როდესაც ის მობრძანდება ცენტრში, რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს, სად ჩააბაროს ნივთები, როგორ გადის უსაფრთხოების შემოწმებას, როგორ მიდის სექტორში... ვფიქრობთ, რომ აბიტურიენტებს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ, იმისთვის რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა. ისღა დამრჩენია წარმატებები ვუსურვო, როგორც აბიტურიენტებს, ასევე მაგისტრობისა და მასწავლებლობის მსურველებს“ - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი.

Etaloni.ge-ის კითხვაზე, თუ რა ნივთების შეტანის უფლება აქვს აბიტურიენტს და იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არაკომფორტულად გრძნობს სამუშაო მაგიდასთან თავს, ექნება თუ არა შესაძლებლობა ადგილის შეცვლისა - ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განმარტება გააკეთა: 

„გამოცდაზე აბიტურიენტს შეუძლია შეიტანოს: ჰიგიენური საფენი, წყალი და კალამი... რაც შეეხება ადგილის ცვლილებას, გამოსაცდელმა ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში, უნდა მიმართონ დამკვირვებელს. თუმცა არის მზის დამცავი ფარდებიც და კონდინციონერებიც, შესაბამისად მოწყობილია მაქსიმალური კომფორტი მათთვის“. 

აღსანიშნავია, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში გამოყოფილია ექიმის ოთახი და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

რაც შეეხება წლევანდელ სიახლეს - აღარ მოქმედებს კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრს და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ  შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა  სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

ამ სიახლესთან დაკავშირებით, ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ აღნიშნა: 

„იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი თავს კარგად ვერ გრძნობს, მაგრამ მოვიდა გამოცდაზე, მისთვის სარეზერვე სექტორი მზად იქნება და შესაბამისად, ყველა წესის დაცვით, მათ ცალკე სექტორში დავსვამთ და იქ შეასრულებს ტესტს“ - ამბობს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203