„პირველკლასელთა აკადემია“ ორიოდე წლის წინ, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და მაშინვე ათასობით ერთგული მკითხველი შეიძინა; ორმაგად სასიხარულო კი ისაა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა მაშინვე აღიარეს ამ უნიკალური წიგნი-რვეულის მნიშვნელობა და სხვათა შორის, მთავრობის წარმომადგენლებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ - ეს სახელმძღვანელო ყველა მომავალი პირველკლასელის ოჯახში უნდა იყოსო.
ახლახან, „პირველკლასელთა აკადემია“ ბათუმის მკვიდრ მომავალ პირველკლასელებს დაუმეგობრდა და მომავალი მოსწავლეებისთვის ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, ანბანის კოშკის მიმდებარედ, 1-ელ ივლისს გრანდიოზული ღონისძიებაც გაიმართა და მასში მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის გამოსაშვები ჯგუფების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
„საღამო იყო შთამბეჭდავი, სახალისო თეატრალიზებული სანახაობებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით... ასევე გაიმართა წიგნი-რვეულის - „პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაცია. წიგნი-რვეული გათვალისწინებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის 2915 აღსაზრდელზე. დასასრულს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, დავით დიასამიძემ სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა“, - გვამცნობს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.
„პირველკლასელთა აკადემია“, მომავალ პირველკლასელებს, ბათუმის მერიამ საჩუქრად გადასცა. მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, „პირველკლასელთა აკადემია“ ამ ასაკის ბავშვებისთვის საჭირო, საშინაო მეცადინეობებისთვის შექმნილი წიგნი-რვეულია, რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანი, საინტერესოა და მისი დახმარებით, პატარები სასწავლო წლის დაწყებამდე, შემეცნებით-გასართობი სავარჯიშოებით გაიმდიდრებენ ცოდნის არეალს.
„ცხოვრების ახალ ეტაპზე გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას! მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები აუცილებლად დაგეხმარებათ დაწყებითი საფეხურის განათლების მიღების პროცესში. მინდა გისურვოთ ნათელი მომავალი და ჯანსაღი გარემო“, - ასე მიმართა ბათუმის მერმა მომავალ პირველკლასელებს.
სახელმძღვანელოს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა კი კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია განათლება თითოეული ადამიანისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის, რადგან წარმატებული სახელმწიფოს მომავალი თაობებშია.
საზღვარი არ ჰქონდა პატარების სიხარულს, როდესაც „პირველკლასელთა აკადემია“ გადაშალეს და იქ უამრავი, მათთვის საინტერესო თავსატეხი აღმოაჩინეს... კმაყოფილები იყვნენ მშობლებიც, რომლებმაც ზუსტად იციან - მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე მდგომი პროექტები: ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ და izrune.ge, ავტორსა და მთელ შემოქმედებით გუნდთან ერთად, თავს არ დაზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; „პირველკლასელთა აკადემია“ კი თითოეულ პირველკლასელს, ყოველთვის ამაყად შეუძღვება ცოდნის ტაძარში.
იხილეთ ფოტოები: