ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, ამჯერად, ლიტერატურის მეორე სესია მიმდინარეობს. აბიტურიენტებს კი გარეთ ერთგული გულშემატკივრები ელიან. თბილისის N175 საჯარო სკოლასთან ნოდარ ჯანიაშვილი თავის დას ელის და etaloni.ge-ს ყურადღება მაშინვე მიიქცია, რადგან ადგილზე, როგორც თვითონ ამბობს, თავის განუყრელ მეგობართან - ფანდურთან ერთად მივიდა.
ნოდარი გვიმხელს, რომ მიუხედავად იმისა, დას ურჩია, ეროვნული გამოცდები არ ჩაებარებინა, თუმცა, საბოლოოდ, გოგონამ განსხვავებული გადაწვეტილება მიიღო:
„ჩემს დას ველოდები, ვგულშემატკივრობ, დარწმუნებული ვარ, ჩააბარებს. თავიდან სხვა რაღაცები ვურჩიე, მაგრამ არ დამიჯერა, თავისი ცხოვრებაა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს. მეც ჩავაბარე და რისთვის, არ ვიცი. ჩემი აზრით, განათლების სისტემა არ ვარგა. თავადაც ლექტორი ვარ, ორ კოლეჯში ვასწავლი და ისეთ დროში ვცხოვრობთ, უნივერსიტეტში ჩაბარება დროის და ფულის ტყუილი ხარჯვა მგონია, აქეთ ვასწავლი უსასყიდლოდ. თვითონ ჩემი და, ძალიან კარგი განწყობით შევიდა, არ ნერვიულობდა",- ამბობს ნოდარ ჯანიაშვილი.
გულშემატკივარმა საგამოცდო ცენტრთან დაუკრა, სიმღერა შეასრულა და გვითხრა, რომ ინსტრუმენტი საკუთარი ხელით გამოთალა, ძალიან უყვარს დაკვრაც, სიმღერაც და გამოცდების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, სიმღერით დაულოცავენ ნოდარის დას გზას უმაღლესი სასწავლებლისკენ.