სამბოში ჩაქსოვილი ქალური ძლიერება - ინტერვიუ დამსახურებულ მწვრთნელ ნანი კირკიტაძესთან
08-05-2018
მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება და საპრიზო ადგილები, საქართველოს სახელმწიფო დროშა და ჰიმნი საზღვრებს გარეთ, სიხარულის ცრემლები და ეროვნული შეძახილი და ხმა, რომელიც ახალგაზრდა მებრძოლებს ნანი კირკიტაძისგან ესმით: „შვილო, შეგიძლია, არ დანებდე...“

ამბობს, რომ მწვრთნელობა ყველაზე საპატიო პროფესიაა, საქმე, რომელიც უყვარს და რომელსაც შესწევს ძალა, რომ ძლიერება გააღვიძოს სხვაშიც. 


ნანი კირკიტაძე ერთადერთი ქართველი ქალია, რომელსაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება
 ჭიდაობა სამბოში მიენიჭა.

ახლა კი თავად მოგვიყვება, საიდან დაიწყო გამარჯვებებისკენ მიმავალი გზა: 


-
მოძრავი ბავშვი ვიყავი, მიტაცებდა სპორტის ყველა სახეობა. ჯერ კიდევ სკოლაში სპორტის მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ გამორჩეულად დავრბოდი. წამოვიზარდე და ფიზკულტურულზე ჩავაბარე, მორბენალი გავხდი და პარალელურად სკოლაში დავიწყე სწავლება. 2004 წელს ხელვაჩაურის ანგისის სპორტულ სკოლაში ქალ ძიუდოისტთა გუნდის შექმნის იდეა გაჩნდა და მას შემდეგ ჩავერთე ამ საქმეში. დღეს კი ახალსოფლის დარბაზში 4 ჯგუფი და სხვადასხვა თაობა ვარჯიშობს, გამარჯვების მედლების ფონზე.  

- თქვით, რომ სპორტის მრავალი სახეობას გიტაცებდათ და მაინც, რატომ აირჩიეთ სამბო? 

- მებრძოლი სული მაქვს და ამ ძალას სამბოში გამოვხატავ ფიზიკურადაც. ძალისმიერი სახეობაა, ლამაზი სანახავი. თანაც უფრო თავდაჯერებულსა და დაცულს ხდის ქალს.
ხშირად მოსულან ჩვენთან საკუთარ თავში ჩაკეტილი, მორიდებული გოგონები, რომლებიც ფიზიკურად თუ სულიერად სამბოთი გაძლიერებულან, მათ ვერავინ დაჩაგრავს. 

- რას ნიშნავს იყო მებრძოლი ქალი? 

-
ყოველთვის უნდა შეაფასო მოწინააღმდეგის შესაძლებლობები. თუ ის ძლიერია მასზე ძლიერი უნდა იყო. ფსიქოლოგიურად, ფუზიკურად, სტრატეგიულად და შემართებით. სწორედ ამაში მდგომარეობს მებრძოლი სული და კარგი მწვრთნელობა, რომ ბრძოლის დროს სწორად გაამხნევო და მიუთითო სამბოელებს.  

- როგორ შეხვდა თქვენს პროფესიას ოჯახი და საზოგადოება? 

- სპორტულ ოჯახში გავიზარდე და მათგან წინააღმდეგობას არ წავწყდომივარ, პირიქით ძალიან მგულშემატკივრობდნენ. რაც შეეხება საზოგადოებას, ხალხს უჭირს მებრძოლი ქალის აღქმა და დიდი ნაწილი თვლის, რომ სამბო გოგონების საქმე არ არის. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ამ სახეობის მიმართ ინტერესი და მშობლებიც ნაკლებად უშლიან ქალიშვილებს ძიუდოსა და სამბოს.  

- რას ეტყოდით მათ, ვინც საბრძოლო ხელოვნებით ახლა ინტერესდება? 

-
პირველ რიგში, მივმართავდი მშობლებს. ნუ დაუშლიან გოგონებს ჩვენთან მოსვლას. თუ პროფესიონალი მძლეოსანი არ დადგება მისგან, აუცილებლად იქნება ძლიერი ქალი, ძლიერი თავისი სულიერებითა და ფიზიკურობით, იქნება აუცილებლად მეტყველი, ჩვენ ვანგრევთ სტერეოტიპს, რომ სპორტსმენებს ერუდიცია აკლიათ. აღსანიშნავია, რომ სპორტის ეს სახეობა სახელმწიფოსგან ფინანსდება. 

მადლობას ვუხდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და „ეტალონს“ გვერდში დგომისთვის და მომავლის საქმის მსახურებისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203