„გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა“ - 45 წლის მეგი აბიტურიენტია და პირველი გამოცდა უკვე დაწერა
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, 45 წლის მეგი თათეშვილი აბარებს.
„45 წლის ვარ - 7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. ამ ასაკში მიღებული ჩემი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის ალბათ უცნაურია…
1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახური პირობების გამო, სამწუხაროდ, მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ამაზე გული, რა თქმა უნდა, ყოველთვის მწყდებოდა.
მეუღლე 3 წელია, რაც გარდაცვლილია. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას… სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას,
მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი.
პირველი გამოცდა უკვე მქონდა.
მრავალი წინაღობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა და ამ გზით ყველასთვის (მათ შორის, საკუთარი თავისთვის) იმის ჩვენება, რომ, თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს.
ახლა საბავშვო ბაღში ვმუშაობ. აღმზრდელის თანაშემწე ვარ. მომავალშიც განათლების სფეროში ვგეგმავ განვითარებას. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამოუკიდებლად მოვემზადე. იმედია, ყველაფერი გამომივა”, - ამბობს მეგი.
წყარო: „ნაეკი“