მასწავლებლის საგნის გამოცდას პირველი აპლიკანტები აფასებენ - რა სირთულის ტესტები შეხვდათ გამოსაცდელებს
მასწავლებელთა საგნის გამოცდიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ და etaloni.ge - სთან ტესტებიც შეაფასეს. 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები აღნიშნავენ, რომ გამოცდები რთული არ იყო.„ისტორიის გამოცდა ჩავაბარე, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლეობას არ ვაპირებ, მაინტერესებდა ტესტის სირთულე და შემიძლია გითხრათ, რომ მასწავლებლისთვის რთული გამოცდა ნამდვილად არ იყო“, - განაცხადა ირაკლი გურგენიშვილმა.
„ბიოლოგიიის გამოცდაზე ვიყავი გასული, წელს პირველად ვაბარებ საგნის გამოცდას და შემიძლია გითხრათ, რომ რთული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ტესტის დაწერა ნამდვილად არ გამჭირვებია, ამიტომ კარგი მოლოდინი მაქვს. რა თქმა უნდა მუსაობის დაწყება მინდა, თუმცა რომელ სკოლაში ჯერ არ ვიცი“, - აღნიშნა საბა ზურაბაშვილმა.
„ისტორიის გამოცდაზე ვიყავი გასული, საკითხები რთული არ ყოფილა. ასურეთის სამეფოს შესახებ იყო საკითხები, რომლებიც ქრონოლოგიურად უნდა დაგველაგებინა, ასევე დინასტიებზე იყო ქრონოლიგიები.... ილუსტრაციები კეისარზე, რუბიკონის გადალახვაზე იყო, ჯვსროსნულ ლაშქრობაზე იყო ტექსტის შეცდომების გასწორება.
ისტორიაზე ვსწავლობ, მე-4 კურსზე ვარ და მასწავლებლობას ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ისტორიის სწავლება როგორც მიმდინარებს სკოლებში არ მომწონს.. მე როცა დავიწყებ მუშაობს, პირველ რიგში ვიზრუნებ იმაზე, რომ ბავშვებს საგანი შევაყვარო; დავაინტერესებ სიახლეებით, პრეზენტაციებით ისტორიულ ფილმებს ვუყურებთ ერთად და განვიხილავთ. მარტო ფაქტებისა და თარიღების გაზეპირება საკმარის არაა”, - გვეუბნება ვერიკო კეკუტია.
„ბიოლოგია ჩავაბარე, მაგისტრის სტუდენტი ვარ, ჯერ მასწავლებლობას არ ვაპირებ, უბრალოდ მაინტერესებდა და ვცადე… რაც შეეხება ტესტებს, საშუალო სირთულის იყო, არ გამჭირვებია“, - გვითხრა მედეა წიქარიშვილმა.
„ქიმიის გამოცდას ვაბარებდი, კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით. ტესტებს, რაც შეეხება ვფიქრობ, არ იყო რთული და გათვილი იყო იმ ცოდნაზე, რასაც პედაგოგი უნდა ფლობდეს. მასწავლებლობის პროფესიის არჩევა, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა; განსაკუთრებით ორ მიზეზს გამოვყოფ: პირველი - მომწონს სწავლების პროცესი და მეორე - ოჯახური ტრადიცია“, - გვითხრა დიმიტრი მინდიაშვილმა.
„ისტორიის გამოცდაზე ვიყავი. წელს მესამედ გავედი გამოცდაზე და მინდა გითხრათ, საკმაოდ რთული ტესტები იყო, განსაკუთრებით კარიკატურები გამოჭირდა“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ სესიაზე გამოცდა მიმდინარეობს შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
ისტორია (VII-XII);
ქიმია (VII-XII);
ბიოლოგია ( VII-XII).