ორშაბათს, 10 ივლისს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას ჩააბარებენ. რისი ცოდნა გევალებათ ტესტირებაზე? - გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას.
უცხოური ენის ტესტი შედგება 7 დავალებისაგან და ამოწმებს აბიტურიენტის მოსმენის, კითხვის და წერის უნარებს, ასევე ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ლექსიკური და გრამატიკული მასალის ცოდნას.
დავალებებში შემავალი საკითხები, გარდა მე-7 დავალებისა, ფასდება 1 ქულით. მე-7 დავალებაში აბიტურიენტს მოეთხოვება მინიმუმ 120-სიტყვიანი თხზულების დაწერა. ამ დავალების მაქსიმალური ქულაა 16. მთლიანი ტესტის მაქსიმალური ქულაა - 70. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს მოეთხოვება:
• მოუსმინოს B1+ სირთულის ერთ ტექსტს და გაიგოს მასში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი.
• წაიკითხოს B1+ სირთულის სხვადასხვა შინაარსის, ზომის და ფორმატის ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტები და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი;
• კონტექსტის გათვალისწინებით, გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას საჭირო ლექსიკური ერთეულები; სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან;
• კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას მეტყველების სხვადასხვა ნაწილები, გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი ან ფორმაცვალებადი სიტყვები. სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან;
• დიალოგში გამოტოვებული ადგილები შეავსოს წინადადებებით. სწორი პასუხი აირჩიოს წინადადებების მოცემული ჩამონათვალიდან;
• დაწეროს 120-170-სიტყვიანი თხზულება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, დაიცვას მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.