„შეუშვით, შვილები არ გყავთ?“ - აბიტურიენტმა საცობის გამო გამოცდაზე დაიგვიანა
11-07-2023
დღეს, ინგლისური ენის დილის სესიაზე 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა.
ერთ-ერთი აპლიკანტი, ცენტრში 11 წუთის დაგვიანებით მივიდა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი საცობი იყო, - „აფრიკიდან მოვდივარ, 8-ს აკლდა 20 წუთი რომ გამოვედი, მაგრამ საცობში მოვხვდი“.
აბიტურიენტის დაგვიანებამ, საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე მშობლების ვნებათაღელვა გამოიწვია, ისინი ცენტრის წარმომადგენლებს, გამონაკლისის დაშვებას სთხოვდნენ.
„დაუშვით გამონაკლისი. შვილები არა გყავთ?.. ასე შორს რატომ გამოგზავნეთ?“ - მას შემდეგ, რაც საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გამოცდა უკვე დაწყებული იყო და აბიტურიენტები მოსასმენ დავალებას ასრულებდნენ ამ წუთებში, ამიტომაც მისი შეშვება შეუძლებელი იყო, გაბრაზებულმა აპლიკანტმა საგამოცდო ბარათი იქვე გადახია და ისე დატოვა ცენტრი.
რაც შეეხება მეორე დაგვიანებულ აბიტურიენტს, იგი იმავე საგამოცდო ცენტრში გამოცდის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ მოვიდა და როცა შეიტყო გამოცდაზე ვეღარ შევიდოდა, ტერიტორია ხმის ამოუღებლად დატოვა.