15 წლის ბიჭს სკვერში დენმა დაარტყა - დეტალები
11-07-2023

წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, ადგილობრივები ცდილობდნენ, მოზარდს სასწრაფოს მოსვლამდე დახმარებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

„სკვერში ბავშვები თამაშობდნენ და იქ როგორ უნდა გასულიყო დენი, ვერ ვხვდებით. სასწრაფოს მოსვლამდე მეზობლები ცდილობდნენ დახმარებას. სასწრაფო 45 წუთის განმავლობაში უტარებდა გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს“, - განაცხადა თვითმხილველმა.

მოგვიანებით, ფაქტს ვაკის გამგეობა გამოეხმაურა. განცხადებას უცვლელად გთვაზობთ:

„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!

ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.

რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203