„მხოლოდ განათლებას კი არ იღებთ, ცოდნისა და დროის ეფექტურად გამოყენებას სწავლობთ“ - „ეტალონის“ ცოდნის ზეიმი გრძელდება
13-07-2023

ჩატარდა  საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება-ფინალი - საქართველოს მასშტაბით, ყველაზე იღბლიანი სამეული უკვე ცნობილია, რომლებსაც სპეციალური სიგელები და განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული, ტექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ... თუმცა გამარჯვებამდე გზა არ ყოფილა მარტივი - 13 ივლისს ჩატარებული ჩემპიონატის 27-მა მონაწილემ საკუთარ მუნიციპალიტეტში მანამდე მოიპოვა „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული, თანაც ორსაფეხურიანი კონკურსის შედეგად. 

ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინ რეჟიმში წარიმართა და უცვლელმა წამყვანმა, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა თითოეულ მონაწილესა და გულშემატკივარს სიტყვით მიმართა:

„ეტალონის პირველი ეტაპის კონკურსი ონლაინ-რეჟიმში ტარდება, რომელსაც 27 მონაწილე ჰყავს და მინდა გითხრათ, ყველა მათგანი უკვე გამარჯვებულია - არიან მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეები“ და ისინი ნამდვილად გამორჩეული ბავშვები არიან“;

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მონაწილე თითოეული მოსწავლე zoom-ის პლატფორმის მეშვეობით, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან ჩაერთო ჩემპიონატში და მათ ტესტირება პასუხისმგებელი პირების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს...  გამოვლინდა ყველაზე მაღალქულიანი პირველი სამი მონაწილე და მათ 1000-800-500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერები, სპეციალურ სიგელებთან ერთად გადაეცათ.

„იქნება 20 კითხვა, ყველა მონაწილე თანაბარ პირობებში გაივლის ტესტს, შედეგები კი კონკურსის დასრულებისთანავე გვეცოდინება“, - ასე განმარტა წამყვანმა ჩემპიონატის წესები და ტესტების გაშვებაც დააანონსა.

გოჩა ტყეშელაშვილმა  ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის 27-ვე მონაწილე სათითაოდ გააცნო საზოგადოებას და იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც  „ეტალონს“ უკავშირდება.

„უკვე ათასობით ბავშვი იცნობს izrune.ge-ს, რომელიც ასწავლის აზროვნებას, სწორ, გამართულ მეტყველებას და მოქალაქეობრივ სითამამეს, შეწონილს ეროვნულ ღირსებასთან.

გაიზარდა „ეტალონი“, შეიძინა ასიათასობით მხარდამჭერი, დაგვემატა ახალი საიტი skolamdelebi.ge და შეიქმნა სასკოლო მზაობის დიდებული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“; მალე ბაღები ჩაერთვებიან ჩვენს ახალ პლატფორმაზე და განსაკუთრებულ სკოლამდელ დაწესებულებებს etaloni.ge-ზეც ექნებათ წვდომა;

პატარა იზრუნელებს კი გეტყვით, რომ ჩვენი საზაფხულო ტესტები განსაკუთრებულია - ივლისის განმავლობაში ჩვენი ტესტები ეთმობა ჩრდილოეთ ამერიკას, აგვისტოში იქნება სხვა კონტინენტი, ხოლო სექტემბერში ევროპაში მდებარე სახელმწიფოებს შეეხება... გახსოვდეთ, ამ პროექტებში ჩართულობით არ იღებთ მხოლოდ ცოდნას, არამედ სწავლობთ დროისა და ცოდნის ეფექტურად გამოყენებას.

მადლობა რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პედაგოგებს, ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს; თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ მხოლოდ სწავლა-სწავლება დღეს არასაკმარისია. საჭიროა, სკოლის, ოჯახის, სახელმწიფოს გაერთიანება და ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის საშუალებითაც ყველა ერთად ჩაერთვება მომავალი თაობების განათლების საქმეში“.

ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მონაწილეებმაც შეაფასეს პროექტი:

ანა ციხელაშვილმა, ხერთვისის საჯარო სკოლის მოსწავლემ აღნიშნა, რომ პროექტში პირველად მონაწილეობს და მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს;

ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამუნა გავარდაშვილმა კი დასძინა, რომ მოხარულია, რადგან ოჯახი სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სხვათა შორის, როგორც გოგონამ განაცხადა, სწავლას არავინ აძალებს - როდესაც რაიმე საკითხი მაინტერესებს, ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოვიძიო და საფუძვლიანად შევისწავლო ყველა დეტალიო...

სალომე ბატოჯანოვმა კი დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლიდან ემოციები ვერ დამალა - პროექტში მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილების მიღების მიზნით გადავწყვიტე და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ თუ გავხდებოდიო.

თანატოლებს წარმატებები ტყვირის და ჩხორიის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ანა მიქაძემ და ანანო თორდიამ...

ამასობაში ეტალონელებმა ტესტი გაიარეს და ყველაზე იღბლიანი მოსწავლეები გამოვლენის დროც დადგა:

მე-3 ადგილის მფლობელი გახდა თიანეთის N1 სკოლის მოსწავლე ლელა ბადურაშვილი; მე-2 ადგილზე სალომე ზედგინიძე გავიდა მინაძის საჯარო სკოლიდან, ხოლო პირველი ადგილი საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე მამუკა ცინცაძემ დაიკავა, რომლის წარმატებაც პედაგოგებმა ასე შეაფასეს:

„საუკეთესო ბიჭია და ნამდვილად იმსახურებს ამ წარმატებას... მადლობა „ეტალონს“, ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას რომ აძლევს და თავდაჯერებას მატებს“...

ფეიერვერკით დაემშვიდობა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მონაწილეებს, გოჩა ტყეშელაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონკურსს გამარჯვებულები კი არა, იღბლიანი მონაწილეები ჰყავს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა იდგეს ახალგაზრდების განათლების სადარაჯოზე, რადგან „ძლიერი სახელმწიფოს ძალა თაობებშია“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203