„ყოველ სასწავლო წელს, პირველკლასელთა დასახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებით“- არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ფატარიძე
14-07-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლას მოტივირებული, პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული დირექტორი - მზია ფატარიძე ჰყავს. მისი ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. 

სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მზია ფატარიძის კომპეტენტური აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა. ამჯერად, მან etaloni.ge-სთან პირველკლასელების შესახებ ისაუბრა. მას ვკითხეთ - პირველ კლასში ყველა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი უნდა ასწავლიდეს თუ არა. 

„ერთი მხრივ, პირველ კლასში, პატარებს შეიძლება ერჩივნოთ, რომ კომუნიკაცია ერთ მასწავლებელთან ჰქონდეთ. მაგრამ, ამავდროულად, როდესაც მე-5 კლასში გადმოდიან, ნათელია, რომ უმჯობესია, მანამდე რამდენიმე პედაგოგთან ჰქონდეთ შეხება. მე-5 კლასიდან მათ სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის საგნებს და ამ მოცემულობას მარტივად მიეჩვევიან“, - აღნიშნა დირექტორმა და ასევე, ყურადღება იმ საზეიმო აქტივობებზეც გაამახვილა, რაც არაშენდის საჯარო სკოლაში მისულ პატარა მოსწავლეებს ელოდებათ.

„ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, პირველ კლასში, სექტემბერში, 4 მოსწავლეს ველოდებით. ყოველ სასწავლო წელს, პირველკლასელების დასახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებით ხოლმე, მათი საკლასო ოთახი საზეიმოდაა მორთული. დამრიგებელი მათ ეცნობა და ბუშტებითა თუ შესაბამისი დეკორაციით ხვდება. პატარებს მისალოცი ბარათები მერხებზე ხვდებათ, გარდა ამისა, პედაგოგები გაცნობითი ხასიათის სახალისო ღონისძიებებს მართავენ“,- ამბობს მზია ფატარიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203