ეროვნული გამოცდები 2023 გრძელდება; ორშაბათს, 17 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ, თუმცა ის აპლიკანტები, ვისთვისაც ეროვნულები უკვე დასრულდა, მოუთმენლად ელიან საკუთარ შედეგებს მუდმივი დილემის ფონზე - ვისი ვარიანტი იყო უფრო რთული?!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ სატელევიზიო კომენტარში, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აბიტურიენტებს უსამართლობის განცდა რომ არ გაუჩნდეთ, ამისთვის არსებობს ქულების გათანაბრების პროცედურა:
„განცდა - ვისი ვარიანტი იყო რთული, ყოველთვის არის... როცა არის ტესტის რამდენიმე ვარიანტი, ვცდილობთ სირთულე იყოს დაბალანსებული, თუმცა მცირედი განსხვავებები მაინც არსებობს; ამიტომ არის ქულების გათანაბრების პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუ რომელიმე აბიტურიენტს განსაკუთრებით რთული ვარიანტი შეხვდა, მისი ქულები ისე შეიცვლება, რომ ის არ დაიჩაგრება“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.