უკანონოდ გათავისუფლებულ ბაღის თანამშროლებს სამსახურში აღადგენენ და განაცდურ საათებს აუნაზღაურებენ
„ვულოცავ წალენჯიხის საბავშვო ბაღების უკანონოდ გათავისუფლებულებს სამართლიანობის აღდგენას, ვულოცავ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ამ დიდ გამარჯვებას, 19 დასაქმებულის უფლებების აღდგენას“, - ინფორმაციას საქართველოს პედაგოგთა პროფკავშის პრეზიდენტი მაია კობახიძე ავრცელებს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სამივე სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა:
1. გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა;
2. დასაქმებულთა აღდგენა სამსახურში;
3. სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს ქ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სასამართლო პროცესი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელთა 19 თანაშემწის გათავისუფლების თაობაზე.
გათავისუფლებულთა ინტერესებს იცავდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოსაშვილი, მოპასუხე გახლდათ ააიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრი, ადვოკატი პეტრე წურწუმია.
მიმდინარე წლის 6 ივნისის და 30 ივნისის სხდომებზე ააიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ადვოკატმა პეტრე წურწუმიამ გათავისუფლებების მიზეზად დაასახელა რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია და აღმზრდელთა თანაშემწეების დაბალი კვალიფიკაცია.
როგორც პროფკავშირი აღნიშნავდა, მოპასუხეს არანაირი სასწრაფო აუცილებლობა არ ჰქონდა რეორგანიზაციის განსახორციელებლად, მით უმეტეს, ბავშვებისათვის საჭირო მომსახურეობის უგულებელყოფით. ურთიერთგამომრიცხავია მოპასუხის ე. წ. არგუმენტები, რადგან მთელი სხდომის განმავლობაში მოპასუხე თავადვე აღიარებდა ბაგა-ბაღებში ადამიანური რესურსის სერიოზულ ნაკლებობაზე, კადრების საჭიროებაზე ბაღების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა საშუალება, ემოქმედა ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ისე, რომ არც საბავშვო ბაღები დაზარალებულიყვნენ და არც თანამშრომლები, ამის სანაცვლოდ აირჩია თანამშრომლების გაშვება.