„ნაოპერაციები ბავშვი გამოცდაზე არ დაუშვეს... სამინისტროში კი ვიღაც ქალმა დედობა დამიწუნა“... - დაუშვებენ თუ არა აბიტურიენტს დამატებით ტესტირებაზე
21-07-2023
სოციალურ ქსელში ვრცელდება აბიტურიენტის მშობლის პოსტი, სადაც იგი ყვება, როგორ არ დაუშვეს მისი შვილი ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ინგა ბაშიროვმა გაავრცელა ვიდეო, სადაც დეტალურად აღწერს ყველაფერს:

- ჩემს შვილს 17 ივლისს მესამე გამოცდა უნდა ჩაებარებინა. 16 ივლისს ღამით, გვიან, კბილისა და ყბის გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა, ამიტომაც სასწრაფოდ პირველივე სტომატოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სადღეღამისო მომსახურება ჰქონდა, მივმართეთ. ბავშვს სპეციფიკური ყბა აქვს, გვითხრეს, რომ კბილი ამოსაღები იყო, დავთანხმდით და როდესაც ექიმმა კბილის ამოღება დაიწყო, სიტუაცია უმართავი გახდა, დასჭირდა გაჭრა, საათ-ნახევარზე მეტი ბავშვი სავარძელში იწვა და ეს შეფასდა, როგორც ოპერაცია. ოპერაცია რომ დასრულდა, ექიმმა ანტიბიოტიკი დანიშნა და სახლში წამოვედით. ანტიბიოტიკმა ალერგიული რეაქცია მისცა, დილით დაეწყო ხერხემლისა და ხელების საშინელი ტკივილი, დიარეა. სახე შეუშუპდა და ფეხზე ადგომა უჭირდა. ტემპერატურა უმართავი იყო. ექიმი გვეუბნებოდა, რომ პოსტოპერაციული სინდრომი იყო, დანიშნულებას გვაძლევდა და გვამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, ტემპერატურას მედიკამენტებით ვერ ვწევდით და სასწრაფო დახმარებას დავურეკეთ. სასწრაფო მოვიდა, დააფიქსირა, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა და ალერგიული რეაქცია ჰქონდა. რა თქმა უნდა, იმ დღეს გამოცდაზე ვერ წავიდა. შეუძლებელი იყო, სახლიდან გასულიყო. თავს გრძნობდა ძალიან ცუდად და ამას თან ერთვოდა მწვავე დიარეა... მთელი დღის განმავლობაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვრეკავდი და ვარკვევდი, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. თუმცა, ზუსტ პასუხს ვერავინ გვეუბნებოდა. ამიტომაც, მეორე დღეს ცენტრში თავად მივედი, დავწერე განცხადება და დავაფიქსირე, რომ თანახმა ვარ, ბავშვს ანალიზები, ექსპერტიზა ჩაუტარდეს. აღვნიშნე, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რათა როგორმე დავამტკიცო, რომ იმ დღეს ბავშვის გამოცდაზე მისვლა შეუძლებელი იყო და ამავდროულად, ვერც სტომატოლოგი დატოვებდა სტაციონარში ღამით. ვესაუბრე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იურიდიულ სამსახურს, საიდანაც ქალბატონმა კატეგორიული უარი მითხრა და თქვა, რომ დადებით პასუხს ვერ მივიღებდით, რის შემდეგაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წავედი, რომ ვინმეს დავლაპარაკებოდი.

3 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში ვიყავი, 25 წუთში ერთხელ ცხელ ხაზზე ვრეკავდი და ვიდრე მათ არ ვუთხარი, რომ ადგილზე ოპოზიციურ არხებს მივიყვანდი, არავინ დამელაპარაკა. 45 წუთში გამოვიდა ქალბატონი, რომლის სახელი და გვარიც არ მახსოვს. ეს იყო ცინიზმის პიკი. მას ჩემი განცხადება უკვე წაკითხული ჰქონდა. მეუბნებოდა, რომ თუ ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვს, რატომ არ დატოვეს კლინიკაში, ჭკუას მარიგებდა და დედობას მიწუნებდა... რამდენჯერმე ვკითხე, რა გზა შეიძლება გვენახა ამ ამბიდან, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერ აფიქსირებდა და ცინიკურად მელაპარაკებოდა. შემდეგ კვლავ დავრეკე სამინისტროში და მითხრეს, რომ ჩემი წერილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადააგზავნეს. თუმცა, ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიმიღია. მე ვთვლი, რომ ჩემი შვილის კონსტიტუციური უფლება, რომ განათლება მიიღოს, დაირღვა, ამიტომ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ... როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქალბატონი თავის მონოლოგს ასრულებდა, თქვა, რომ ერთ-ერთი წერილი შევიდა, სადაც აღწერილი იყო, ბავშვბა გამოცდაზე საგზაო შემთხვევის გამო დააგვიანდა და ითხოვდნენ განმეორებით გამოცდაზე გაშვებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც არ აპირებდნენ...

თუ პასუხი დადებითი იქნება და გამოცდაზე განმეორებით გასვლის უფლებას მისცემენ, მაინც არ გავჩერდები. გუშინ განზრახ დამიზიანეს ჯანმრთელობა, დაცვას წყალი განუწყვეტლივ მოჰქონდა, მეც და ჩემს შვილსაც ძალიან დიდი სტრესი მოგვაყენეს. იმ პირებს, რომლებიც ჩემი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ასე ჩატ-ბოტებივით მელაპარაკებიან, აუცილებლად უნდა დაეკისროთ რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა. სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს. არ შეიძლება, ბავშვებს ასე ექცეოდნენ. 18-19 წლის ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ აქვთ შანსი, ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი ინტერესებისთვის.

თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩემი შვილი დემონსტრაციულად დატოვებს ქვეყანას და სხვა ქვეყნის ჯარში წავა. თავად ძალიან ცუდადაა, გუშინ მითხრა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდა და ეს ჩემთვის დიდი ტრაგედიაა...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203