„საკმაოდ დეტალურ ცოდნას მოითხოვდა, წინა წლის ტესტთან შედარებით, გართულებულია“- აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების ტესტს აფასებენ 
22-07-2023

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, აბიტურიენტებმა ტესტი სამოქალაქო განათლებაში დაწერეს. 

გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტების სირთულეზე, საგამოცდო გარემოსა და მოლოდინებზე საუბრობენ. მათმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მათთვის გამოცდა მარტივი არ ყოფილა და წინა წლების ტესტებთან შედარებით, გართულებულიც კია.

„პირადად ჩემთვის, გამოცდა მარტივი არ ყოფილა. საკმაოდ დეტალურ ცოდნას მოითხოვდა და კითხვების ნაწილი, ფაქტობრივად, ორაზროვანი იყო. რთული იყო, მაგრამ ისეთი რთულიც არა, რომ 35-40 ქულა ვერ ავიღო. უფრო მეტად წყაროებთან მუშაობა გამიჭირდა და ასევე, ფაქტობრივი შეცდომების აღმოჩენა და გასწორება. წინა წლების ტესტი ნანახი მაქვს და ვფიქრობ, წელს გართულებული იყო“,- ამბობს აპლიკანტი.

„ვერ ვიტყვი, რომ მარტივი გამოცდა იყო. კონკრეტულად საკითხებს რაც შეეხება, ერთგან ქარხნის სურათი იყო და რომელი რესურსიაო, პასუხი უნდა გაგვეცა და კაპიტალისტური დავწერე. ასევე, მასლოუს პირამიდა იყო წარმოდგენილი. გამოტოვებული სიტყვები იყო, სადაც ინვესტიცია და დეკლარაცია ჩავსვი. რუკა ბავშვთა დაცვის ინდექსზე იყო. ზოგადად, საგამოცდო გარემო მშვიდი იყო“,- აღნიშნა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

„ვინც ემზადებოდა, იმისთვის ეს ტესტი მარტივი იქნებოდა. პირადად მე, არ გამჭირვებია დაწერა. ერთადერთი, სიტყვების შესწორება გამიჭირდა, დანარჩენი არაფერი. ტესტი მთლიანობაში, კარგი იყო. ერთქულიანი დავალებები დეტალურ ცოდნას მოითხოვდა, თუმცა მაინც საშუალო სირთულის იყო. ტესტებში ეკონომიკას ცოტა მეტი ყურადღება მიექცა. ვფიქრობ, ტესტს თავი კარგად გავართვი“,- ამბობს აბიტურიენტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203