ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხეილუნძიანის პროვინციაში, საშუალო სკოლის სპორტულ კორპუსში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ გადაუდებელი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია CCTV იუწყება.
წინასწარი მონაცემებით, სახურავის ჩამონგრევის დროს შენობაში 19 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც მხოლოდ ოთხმა მოახერხა შენობიდან დამოუკიდებლად გამოსვლა, 15 ადამიანი ნანგრევებში მოყვა. ცნობილია, რომ ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ექვსი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა უმეტესობა საშუალო სკოლის მოსწავლეა.
საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, სახურავის ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა იყოს შენობის სარემონტო სამუშაოების წესების დარღვევა, ძლიერმა წვიმამ კი მისი ჩამოშლა გამოიწვია. ჩინეთის პოლიციამ სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირები უკვე დააკავა. გამოძიება გრძელდება.