თემა: „უნდა ვენდოთ თუ არა ხელმწიფეს“ - ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტებს აფასებენ 
25-07-2023
დღეს, 1300-მდე აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ლიტერატურას აბარებს. საგამოცდო ცენტრიდან პირველი აპლიკანეტები უკვე გამოვიდნენ და ტესტში მოსულ საკითხებთან ერთად, მის სირთულეზეც ისაუბრეს etaloni.ge - სთან.


„ტესტურ ნაწილში, ჰაგიოგრაფიიდან დაწყებული თითქმის ყველა საპროგრამო ნაწარმოებიდან იყო კითხვები და დეტალურ ცოდნას მოითხოვდა. შედარებით გამიჭირდა რაღაც საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც საფუძვლიან ცოდნას მოითხოვდა, მაგალითად, ვეფხისტყაოსნიდან. 

ანალიტიკური წერის ნაწილში, ერთი ტექსტი ნაცნობი იყო, მეორე უცნობი. პირველი ტექსტი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებიდან ლეონის წარმოჩენა იყო. უცნობი ლექსი იყო მურმან ლებანიძის „არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!”
ამის მიხედვით გქვონდა დასაწერი, უნდა ვენდოთ თუ არა ადამიანებს და ხელმწიფესთან დაკავშირებით, რა ხდება“;

„ანალიტიკურ წერაში ერთი ტექსტი იყო „სიბრძე სიცრუისა“,  მეორე კი ლექსი. ეს ორი ტექსტი ერთმანეთთან უნდა შეგვედარებინა, წამოჭრილი საკითხები უნდა განგვეხილა, დაგვეწერა, რასთან იყო დაკავშირებული და მსგავსება-განსხვავებები გამოგვეკვეთა. სულხან-საბა ორბელიანის იგავიდან ხელმწიფისა და ლეონის საკითხი იყო. უნდა დაგვეწერა ნდობასთან დაკავშირებით.

ტესტური ნაწილი ჰაგიოგრაფიიდან, ძველი და ახალი ქართულიდან. ზოგადად, ყველაფერზე იყო ყურადღება გამახვილებული. შედარებით, კითხვები „დიდოსტატის მარჯვენიდან“ გამიჭირდა, რადგან ამაში კარგად არ მიმეცადინია. ტესტები დეტალურ ცოდნას მოითხოვდა. ნანახი მაქვს წინა წლების ტესტებიც და ვფიქრობ, ისინი უფრო რთული იყო. გამოცდის შემდეგ დადებითი მოლოდინები მაქვს, მგონი, თავი მშვენივრად გავართვი“. 

„ანალიტიკური წერის ნაწილში ერთი ტექსტი მურმან ლებანიძის ლექსი იყო, მეორე სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებიდან. ორივე მათგანს ერთი სათქმელი ჰქონდა - მეფესთან ახლოს მდგომი ადამიანი, როგორ უნდა იქცეოდეს, ზომიერება რომ უნდა დაიცვას. დავალება ხელმწიფის ნდობასთან დაკავშირებით იყო. ტესტური ნაწილი კი მართლა ყველაფერს მოიცავდა, ჩემთვის მარტივი იყო. თუმცა, შედარებით, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ გამიჭირდა. ვფიქრობ, წინა წლების ტესტებთან შედარებით, მარტივი იყო“; 

„ტესტებში კითხვები პროგრამული ნაწილიდან იყო. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, არაფერი გამირთულდა. ჰაგიოგრაფიაც კი არ ყოფილა რთული. ანალიტიკური წერა ნდობაზე იყო, ერთი სულხან-საბა ორბელიანის იგავებიდან, ლეონისა და ხელმწიფის დამოკიდებულებაზე და მეორე ლექსი იყო. მარტივად დავწერე, ერთმანეთს შევადარე, პარალელები გავავლე და კარგი მოლოდინები მაქვს“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203