დღეს, 27 ივლისიდან მაგისტრანტობის მსურველთათვის გამოცდები დაიწყო. ტესირება ორი დღის განმავლობაში ორ-ორ სესიად ჩატარდება. პირველ დღეს გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილში, მეორე დღეს, 28 ივლისს კი ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.
Etaloni.ge-სთან გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტების სირთულესა და საკითხებს აფასებენ.
„საკმაოდ კარგი მსჯელობის ანალიზი იყო, დაახლოებით ისეთ სტრუქტურაზე იყო აგებული, რაებზეც მივარჯიშია გამოცდამდე, საკითხიც მარტივი გასააზრებელი იყო. არგუმენტირებული თემა იყო სპორტზე და კომენტატორზე, რაც არ იყო მაინცდამაინც რთული. უბრალოდ, მე პირადად სპორტში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი და ამიტომ არ ვიცი რა შედეგი დაიდება. სათაური იყო შემდეგნაირი - „საუკეთესოა ის სპორტული კომენტატორი, რომელიც მატჩის ტრანსლაციის დროს არაა მიკერძოებული და საკუთარი აზრებისგან დამოუკიდებლად მიჰყავს“ წაკითხულის გააზრებაშიც არ იყო რთული ტექსტები: არგონავტებზე, ჰომეროსზე - მითებზე იყო, მეორე ტექსტი ფსიქოლოგიური დატვირთვის იყო, საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე. ისტორიული თემებიც იყო მშენებლობაზე. მოკლედ, საერთო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ დრო მაინც არ მეყო. ვფიქრობ, არაა საკამრისი, რადგან საკითხები დიდი მოცულობისაა“, - ამბობს აპლიკანტი.
„თემები იყო ძალიან კარგი, პირველ თემაში იყო ორკომპონენტიანი შეკითხვა. წაკითხულის გააზრებაც არ იყო რთული, თავს მარტივად გაართმევდი. ჩემი თავით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, უფრო მეტი დრო, რომ დამეთმო მეცადინეობისთვის უკეთ დავწერდი. თუმცა, ყველაზე მეტი დრო წაკითხულის გააზრებას დავუთმე. დროშიც კარგად ვერ ჩავეტიე“, - აღნიშნავს გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი
„დრო არ მეყო წაკითხულის ანალიზზე. ტექსტები საკმაოდ მოცულობითი იყო და თან ამ მიმართულებით არც მიმეცადინია მანამდე. ბოლო ტექსტის პასუხები ვარაუდებით შემოვხაზე, ვერც წავიკითხე, ვერ ვასწრებდი... თუმცა, რაც დავწერე რთული არ იყო. ვნახოთ, რა შედეგს დავდებ“, - გვეუბნება ერთ-ერთი აპლიკანტი.
„თემებისა და ანალიზისთვის კი იყო საკმარისი დრო, რადგან შავად არ მიმუშავია, პირდაპირ გამოცდის ფურცელზე ვწერე, რომ დროში ჩავტეულიყავი. თემა სპორტზე იყო და გამიხარდა. მარტივი იყო ჩემთვის ამ საკითხზე მსჯელობა. კარგის მოლოდინი მაქვს“, - აღნიშნავს აპლიკანტი.