მრავალშვილიანმა დედამ ქართულისა და ინგლისურის გამოცდები ჩააბარა - „ბავშვები რომ იძინებდნენ, მეცადინეობას მერე ვიწყებდი“
„ყოველთვის მინდოდა უმაღლესი განათლება მიმეღო, რადგან, ვფიქრობ, რომ ყოველთვის იჩაგრება ქალი, რომელსაც დიპლომი არ აქვს“,- ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე, რომელიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. აბიტურიენტი
etaloni.ge-სთან ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებას - გამოცდები ჩაებარებინა, საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ამ ყველაფერმა ის კი არ დააფრთხო, საბრძოლო განწყობა შესძინა - მიხვდა, რომ რაღაცები უნდა დაემტკიცებინა.
„ახლობლები მხარს მიჭერდნენ, გვერდით მედგნენ, მაგრამ საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა. ჩემზე სიუჟეტი მოამზადეს და როდესაც გავიდა, რამდენიმე ისეთი კომენტარი დაიწერა, მართლა გამიკვირდა, რომ დღეს ხალხი ასე ფიქრობს. ეწერათ, რა დროს სწავლაა, ბავშვებს მიხედოსო. ეს მე კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა, რადგან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ოჯახური მდგომარეობა განათლების მიღებაში ხელს არ შემიშლიდა“,- ამბობს ლელა ვანაძე.
გამოცდებისთვის დიდი პასუხისმგებლობით ემზადებოდა, 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებსაც ყურადღება ყოველთვის სჭირდებათ, ამიტომაც მაშინ მეცადინებოდა, როდესაც ისინი იძინებდნენ. რაც შეეხება რეპეტიტორებს, მათთან საერთოდ არ უვლია.
„3 არასრულწლოვანი შვილი მყავს, დილით სკოლაში რომ მიდიოდნენ, რა თქმა უნდა, მათ კვებაზე, მომზადებაზე უნდა მეზრუნა, დაბრუნებისასაც ანალოგიურად. გარდა ამისა, სპორტზეც დადიან. შემდეგ გაკვეთილების მომზადების ეტაპი იწყებოდა. პირველკლასელი შვილიც მყავს, რომლის სწავლაში მაქსიმალური ენერგია უნდა ჩამედო. მე ბავშვები რომ იძინებდნენ, მეცადინეობას მერე ვიწყებდი. პასუხების გაგებისას ჩემი შვილები ჩემზე ბედნიერები არიან.
გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, 9 კლასი დავამთავრე, სკოლიდან გამოვედი. ატესტატი შარშან ექსტერნად ავიღე. სკოლაში მართლა კარგი მოსწავლე ვიყავი, ამაზე მასწავლებლები ყოველთვის საუბრობდნენ“,- თქვა ლელა ვანაძემ.
29 წლის აბიტურიენტმა ამჯერად ორი საგნის - ქართულისა და ინგლისურის ქულები იცის. მან ქართულში 32, ხოლო ინგლისურში 17 ქულა მიიღო. სწავლის გაგრძელება სამართლის მიმართულებით სურს, ჯერჯერობით, ფაკულტეტების ჩამონათვალში პირველი სწორედ ეს უწერია.