რაჭში, კერძოდ, შოვში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა, მათ შორის 6 ბავშვია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაზარალებულებს გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.
შემთხვევა მჟავე წყლებთან მოხდა.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ მეწყრული პროცესები, რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე მიდიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციის თანახმად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის,.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.