2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე ორიოდე დღე დარჩა. ბოლო დღეები კი განსაკუთრებით ამაღელვებელია და გარდა იმაზე ფიქრისა თუ როგორ უნდა გამოიყურებდოდნენ სკოლის პირველ დღეს სკოლაში მოსწავლეები, მშობლები იმაზეც ფიქრობენ, როგორ გამოხატონ მადლიერება პედაგოგების მიმართ. ამიტომაც ხშირად სკოლის პირველ დღეს მოსწავლეები პედაგოგებთან ყვავილებით ხელდამშვენებულები მიდიან.
რა თქმა უნდა, ყვავილის ჯიში ამ დროს მეორეხარისხოვანია, თუმცა ყველა ცდილობს, მისი თაიგული გამორჩეული და ორიგინალური იყოს, ამიტომაც გთავაზობთ, ერთ-ერთი უცხოელი ფლორისტის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი თაიგული შეგიძლიათ მიართვათ პედაგოგებს.
მზესუმზირის თაიგული
ცნობილია, რომ მზესუმზირა ბედნიერების, ერთგულების და თაყვანისცემის სიმბოლოა. კაშკაშა ყვითელი ფურცლები, მაღალი ყუნწი და გიგანტური კოკორი მხიარულებასა და დადებით ენერგიას ასხივებს. მზესუმზირის თაიგული შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ მასწავლებლის სახეზე ღიმილი აღბეჭდოთ.
ორქიდეა
ორქიდეები შესანიშნავი საჩუქარია. ისინი შეიძლება მადლიერების სიმბოლოდ მივიჩნიოთ. ეს ყვავილები ძალიან ლამაზია, გარდა ამისა, თუ მათზე სწორად იზრუნებთ, შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინარჩუნოთ. ზოგადად, ვერ იპოვით ორ ორქიდეას, რომელიც ზუსტად ერთნაირად გამოიყურება. ორქიდეის უნიკალურობა მას სრულყოფილ ყვავილად აქცევს, ასეთი საჩუქრით კი პედაგოგებს ნამდვილად გაახარებთ.
ვარდების თაიგული
ვარდები კლასიკურად ლამაზი და ელეგანტურია, იდეალურია თითქმის ყველა შემთხვევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყვავილი ჩვეულებრივ რომანტიკასთან ასოცირდება, ის ასევე მეგობრობისა და პატივისცემის სიმბოლოა.
ჰორტენზიის თაიგული
ჰორტენზია მადლიერების სიმბოლოა, შესაბამისად, ის მასწავლებლებისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარია. ითვლება, რომ მათი საშუალებით, ადამიანები გულწრფელ ემოციებს გამოხატავენ.
შროშანების თაიგული
შროშანების თაიგული ადრესატს ნამდვილად გააღიმებს და თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს. ეს ყვავილები სიწმინდის, აღტაცების, სიყვარულისა და ენერგიის სიმბოლოა.
ზემოაღნიშნული თაიგულების გარდა, ორიგინალურია სკოლაში ქოთნის ყვავილების მიტანაც. ხშირ შემთხვევაში ასეთი საჩუქრები საბოლოო „ბინას“ საკლასო ოთახში იდებს, რაც მოსწავლეებისთვისაც სასიამოვნო შეგრძნებების მომტანია. ისინი პედაგოგებთან ერთად ზრუნავენ ყვავილზე და ბევრ რამეს სწავლობენ მცენარეების მოვლა-პატრონობაზე. გარდა ამისა, ხშირად ქოთნის ყვავილები წლობით ცოცხლობს და დაგვეთანხმებით, არა მხოლოდ პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვისაც სასიხარულოა, როცა მის მიერ მიტანილი ყვავილი წლობით აგრძელებს სიცოცხლეს.