რა შეიძლება აჩუქოთ მამაკაც მასწავლებლებს სწავლის პირველ დღეს?
14-09-2023
ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და მთელი სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის. სწავლის პირველი დღისთვის ერთგვარი ტრადიციაც არსებობს - მოსწავლეებს მასწავლებლებისთვის ყვავილები მიაქვთ.
განსაკუთრებით პირველკლასელები აქტიურობენ. ისინი მანდილოსან მასწავლებლებს, პატივისცემის ნიშნად, ყვავილებს ჩუქნიან. საქმე კი იმაშია, რომ თუ ქალ პედაგოგებს ყვავილები ერგებათ, მამაკაც მასწავლებლებთან ვითარება ცოტა განსხვავებულია. ხშირად, მოსწავლეებს სურვილი აქვთ, რომ ისინი გაახარონ, თუმცა ვერ ხვდებიან, რა შეიძლება აჩუქონ.
ამ საკითხზე მოსაზრებას ერთ-ერთი ევროპულ ქვეყანაში მცხოვრები მშობელი აზიარებს, რომლის შვილებსაც რამდენიმე მამაკაცი მასწავლებელი ჰყავთ. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს საჩუქრები სიმბოლურია და უმცირეს ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ზოგიერთი მათგანის დამზადება სახლშიც შესაძლებელია. ამიტომაც, თუ ბავშვს მასწავლებლის გახარება ძალიან უნდა, კრეატივის გამოყენება შეიძლება.
სამადლობელი ბარათები
ეს მასწავლებლისთვის შეიძლება ყველაზე კარგი საჩუქარ იყოს. რა ჯობია იმის გაცნობიერებას, რომ მოსწავლეები გაფასებენ და საკუთარ ემოციებს ფურცელზე გულწრფელად გადმოსცემენ. ასეთ ბარათებს პედაგოგების ნაწილი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახავს.
გასაღებისა და სხვა პატარა ნივთების საკიდი
მსგავსი საჩუქარი როგორც სასიამოვნო, ისე გამოსადეგია. ეს პრაქტიკული ნივთი მასწავლებელს გაახსენებს, თუ როგორ ზრუნავენ მასზე მოსწავლეები.
სამაჯური
ტყავის ან სულაც, ნაჭირის სამაჯური, რომლის დამზადებაც მოსწავლესაც შეუძლია, პედაგოგისთვის გამორჩეულ აქსესუარად შეიძლება იქცეს.
სანიშნე
წიგნის სანიშნე ერთ-ერთი გამოსადეგი საჩუქარია, რომელზე უარსაც, ფაქტობრივად, ვერც ერთი მასწავლებელი იტყვის.
ეს არის იმ ნივთების მცირე ჩამონათვალი, რაც მამაკაც მასწავლებლებს შეიძლება მოსწავლეებმა აჩუქონ. საჩუქარს შესაძლოა მატერიალური ღირებულება არ ჰქონდეს, თუმცა პედაგოგს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდეს.