საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 3,200,000.00 ლარი იქნება.
„სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.
თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და რომელიც უკვე ძალაშია.