სკოლაში სწავლა - არის არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ სასკოლო საზოგადოებასთან კუთვნილება, რომელსაც საკუთარი ტრადიციები აქვს. არის ქვეყნები, რომელთა სასკოლო ჩვეულებები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მეტ ინტერესს იწვევს.
ინგლისი - საუკუნოვანი ტრადიციები
ინგლისური სკოლების იერარქია, დრეს-კოდი, ქცევის წესები და სხვა ბევრი ასპექტი, რომელიც დიდი ბრიტანეთისთვის ტრადიციულია, მისაბაძ მაგალითად იქცა და ბევრ ქვეყანაში გავრცელება ჰპოვა.
შორტები დაწყებითი კლასის ბიჭებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს, კურსდამთავრებულთა ასოციაციები, დებატების კლუბები, ასამბლეა დასვენების დღეებში - არის, ტრადიციები, რომლებსაც იცნობს ყველა, ვისაც ინგლისურ სკოლასთან შეხება ჰქონია.
ევროპის ქვეყნებში სასკოლო ცხოვრებას საკუთარი თავისებურებები აქვს. მაგალითად, ჰოლანდიასა და გერმანიაში თანამედროვე მოსწავლის ცხოვრება წარმოუდგენელია ველოსიპედის გარეშე. გადაადგილების ეს ეკოლოგიური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საშუალება იმდენად ფესვგადგმულია გერმანიაში, რომ მოსწავლეებისთვის ვერლოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სპეციალური გამოცდაც კი არსებობს.
სწავლის პირველ დღეს პირველკლასელთა „ტკბილი ტომრით“ (ტკბილეულითა და საკანცელარიო ნივთებით სავსე კონუსის ფორმის ქაღალდის ჩანთა) დასაჩუქრება კი პატარა გერმანელებს წლიდან-წლამდე ახარებს. საჩუქარი მეტად სახალისოდ გამოიყურება, მშობლები ასეთ დროს ხშირ შემთხვევაში გულუხვები არიან და საჩუქრის ზომა, არც თუ ისე იშვიათად, ბავშვის სიმაღლეს უტოლდება.
იტალიელები კი ძალიან უფრთხილდებიან ბავშვებს, ამიტომ მოსწავლეებს რთულ საგნებს, რომლებიც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში სთავაზობენ.
კიდევ უფრო გაუმართლათ ფრანგ ბავშვებს - საფრანგეთში აკრძალულია წერილობითი საშინაო დავალების მიცემა, ყველაზე გრძელი შესვენება კი ორი საათი გრძელდება.
რაც შეეხება აზიურ სკოლებს - მაგალითად იაპონელ მოსწავლეებს ყველაზე ხანგრძლივი სასწავლო წელი აქვთ. აკადემიური წელი ქვეყანაში 6 აპრილიდან 25 მარტამდე გრძელდება და სამ ტრიმესტრად იყოფა. ყველაზე ხანგრძლივი არდადეგები ზაფხულშია, მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 5 კვირას შეადგენს.
ინტერესს იწვევს ისეთი სასკოლო აღჭურვილობა, როგორიც ჩანთაა. იაპონიაში ბავშვები, ტრადიციულად, სახელმძღვანელოებსა და რვეულებს სამხედრო სტილის ორთოპედიული ზურგჩანთებით ატარებენ, ბიჭების ზურგჩანთები ჩვეულებრივ შავია, გოგონების კი წითელი.
ჩინეთში კი ხშირად შეხვდებით სკოლას სადაც სტანდარტული ფორმა სპორტული კოსტიუმია. არანაირი ფორმალური ტანსაცმელი, მთავარია კომფორტი. ქვეყანაში სასკოლო დასვენებები ჯგუფურ აქტივობებად არის სტრუქტურირებული. იმის გამო, რომ ჩინეთში, ახლომხედველობის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სკოლებში 1963 წლიდან თვალის ვარჯიშისთვის სპეციალური სავალდებულო შესვენებები არსებობს.
ქვეყანაში სასწავლო დატვირთვა მაღალია, ამის საკომპენსაციოდ კი მოსწავლეებს შუადღის ძილის უფლებას აძლევენ. ჩვეულებრივ, სადილის შემდეგ ბავშვები იძინებენ, ამასთან, არა მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, არამედ მოზრდილებიც.