ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის უმცროსკლასელები „რწყილი და ჭიანჭველას“ დასადგმელად ემზადებიან
10-05-2018
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-II კლასებში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც მიზნად ზღაპრის გაანალიზებას და მოსწავლეებში მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა.

მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე ქართული ხალხური ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“ ნახეს, რომელშიც ნამდვილი მეგობრობისთვის აუცილებელი თვისებები აღმოაჩინეს.  

ასევე, ზღაპრის თითოეული მონაკვეთი კითხვა-პასუხის ფორმატით განიხილეს; მთავარი აზრი და მორალი გამოკვეთეს. შემდეგ კი მოსწავლეებმა პერსონაჟების როლები შეარჩიეს, რომელთა შესრულებისასაც დიდი მონდომება და მსახიობური ნიჭი გამოავლინეს. 

მომდევნო აქტივობა „ასოციაციური რუკა“ გახლდათ, სადაც მოსწავლეებმა ის სიტყვები გამოთქვეს, რაც მეგობრობასთან არის კავშირში და ამ სიტყვების გამოყენებით  წინადადებები ინდივიდუალურად შეადგინეს.

ამავდროულად, თითოულმა მოსწავლემ საკუთარი შედგენილი წინადადება წინასწარ გამზადებულ ფერად ფურცლებზე გადაიწერა, რომლის გამოყენებითაც შემდეგ პოსტერი დაამზადა.

ბოლოს კი მოსწავლეებს ზღაპარ „რწყილი და ჭიანჭველას“ პერსონაჟების ამობეჭდილი ფოტოები დაურიგდათ, რომლებიც აკვარელით გააფერადეს. 

სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ამ სპექტაკლის დასადგმელად ემზადებიან.
კლასის ხელმძღვანელები ნინო კუპატაძე და ქეთევან მაისურაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203